გიორგი კვირიკაშვილი - კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი და აუცილებელია ფიქრი რკინიგზის აღდგენაზეც
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კახეთს ცალკე აეროპორტი სჭირდება.
ამასთან, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში, სასტუმრო „ახაშენის ღვინის კურორტის“ გახსნაზე განაცხადა, აუცილებელია, კახეთში არსებული რკინიგზაც აღდგეს.
„ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. ამაზე მიდის ფიქრი. კერძო სექტორთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, რომ კახეთში პირველ ეტაპზე განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები, შემდგომში შესაძლოა, რეგულარული რეისებიც დაინიშნოს.
ვფიქრობ, რკინიგზა, რომელიც გვაქვს, არის უდიდესი სიმდიდრე. ახალი რკინიგზის გაყვანას უზარმაზარი თანხები სჭრიდება. კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ არ არის ბოლომდე განადგურებული და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს, რომ ეს რკინიგზა აღდგეს. ტურიზმი რკინიგზის გარეშე წარმოუდგენელია“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ასევე, ქვეყნის პრემიერმა თუშეთში მშენებარე გზაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საავტომობილო გზით მგზავროის ხანგრძლივობა თბილისიდან თუშეთის მუმართულებით სამჯერ შემცირდება.
„რა თქმა უნდა, თუშეთი და კახეთი არ შეიძლება ცალ-ცალკე განვიხილოთ. მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს ამ მიმართულებით.
თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისიდან თუშეთის მიმართულებით საავტომობილო მგზავრობის ხანგრძლივობა სამჯერ შევამციროთ . ეს ყველაფერი ერთიანობაში მოიტანს გაცილებით უფრო მაღალ დინამიკას და ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ამ რეგიონში“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.