გიორგი კვირიკაშვილი - გვჯერა, რომ მტკიცე პოზიციითა და ერთიანი ძალისხმევით, თანმიმდევრული მიდგომით, მშვიდობიანად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას
გიორგი კვირიკაშვილი - გვჯერა, რომ მტკიცე პოზიციითა და ერთიანი ძალისხმევით, თანმიმდევრული მიდგომით, მშვიდობიანად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას

გვჯერა, რომ მტკიცე პოზიციითა და ერთიანი ძალისხმევით, თანმიმდევრული მიდგომით, მშვიდობიანად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციაზე „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის – მომავალი ასწლეულის სტრატეგია“ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად პროვოკაციებისა, საქართველო განუხრელად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას, საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გამოწვევა არსებობს, 21-ე საუკუნის საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარ საკითხებად იქცა გლობალური უსაფრთხოება, ტერორიზმთან ბრძოლა და არაერთი გამოწვევა, მათ შორის ჩვენს რეგიონში. საქართველო არის მსოფლიოს ცივილიზებული თანამეგობრობის ღირსეული წევრი ამ გამოწვევებთან ბრძოლაში.

რა თქმა უნდა, ისევე, როგორც არაერთმა ქვეყანამ, საქართველომაც ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ბოლო წლების განმავლობაში ამ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში.

ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დღეს ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

ჩვენ გვაქვს გამოწვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან 10 წლის შემდეგ, ძალიან სამწუხაროდ, რუსეთი კვლავაც არ ასრულებს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ ნაბიჯს დგამს.

მიუხედავად პროვოკაციებისა, საქართველო განუხრელად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას, საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერით, რასაც ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხელისუფლება ძალიან აფასებს. ჩვენ გვჯერა, რომ მტკიცე პოზიციით და ერთიანი ძალისხმევით, თანმიმდევრული მიდგომით, ჩვენ შევძლებთ მშვიდობიანად ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას.

რა თქმა უნდა, ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური რეფორმები, ეკონომიკური კეთილდღეობის დღითიდღე მშენებლობა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ამას ყოველდღიურ რეჟიმში არაერთი მიმართულებით ძალიან ინტენსიურად ვახორციელებთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.