გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, ყველას ვუსურვო ის უდიდესი სიხარული, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მოაქვს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სააღდგომო ლიტურგიის დასასრულს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა.
„ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ჩვენს წირვა-ლოცვას ესწრება მისი აღმატებულება, პრემიერ-მინისტრი, გიორგი. მინდა, ვთხოვო მას, რომ მიულოცოს მრევლს აღდგომის დღესასწაული“, – აღნიშნა პატრიარქმა.
პრემიერმა პატრიარქსა და სრულიად საქართველოს მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
„გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, თქვენო უწმინდესობავ, თქვენ გილოცავთ. ღმერთს შევთხოვ, რომ თქვენი მეუფება დიდხანს გაგრძელდეს საქართველოში და მე მინდა, საქართველოს ვუსურვო გამთლიანება, მინდა, ყველას ვუსურვო ის უდიდესი სიხარული, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მოაქვს.
როგორც ეპისტოლეში ბრძანეთ, მე მინდა, საქართველოს ვუსურვო, როგორც ჭეშმარიტად, ეკლესია არის სული ქვეყნის და ერი არის სხეული ქვეყნის, გამთლიანებულიყოს ეს ღვთისგან შექმნილი ჰარმონია, რომელმაც დღემდე მოგვიტანა ჩვენი ქვეყანა.
დიდი მადლობა, თქვენო უწმინდესობავ, ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გაგიკეთებიათ და ღმერთს შევთხოვ, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს ეს უდიდესი წყალობა ღვთისა, რასაც თქვენი პატრიარქობა ქვია“, – მიმართა პრემიერმა პატრიარქს.
ილია მეორემ დალოცა პრემიერ-მინისტრი და მთელი საქართველო.
„გმადლობთ. მშვიდობა, სიხარული, წყალობა ღვთისა, გფარავდეთ თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო და მთელ საქართველოს, ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა.