საქართველო ხშირად მოიხსენიება, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის და დიდი იმედი გვაქვს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, საინვესტიციო მიმზიდველობით, პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი თანადგომით ჩვენ შევძლებთ, ეს მაღალი და საპასუხისმგებლო ნიშა მუდმივად შევინარჩუნოთ და უფრო მეტი წარმატებით განვავითაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დიდი იმედი აქვს კრინიცას ფორუმი საქართველოში ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის იქნება შესანიშნავი ახალი პლატფორმა.
„ჩვენ ვართ გახსნილი ქვეყანა, პატარა, მაგრამ ღია, ლიბერალური ბაზრით და ის გარემო, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვქმნით საერთაშორისო ვაჭრობის, ახალი ეკონომიკური კავშირების, ახალი სატრანსპორტო კორიდორებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულებების განვითარებისთვის, ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, გვაძლევს განსაკუთრებულ შესაძლებლობას, გავხდეთ რეგიონული ჰაბი. ამისთვის ჩვენი მიზანია, სრულად გამოვიყენოთ საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო, საავიაციო და სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალი.
ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ და შიდასახელმწიფოებრივი დატვირთვის პროექტებზე, რომლებიც მთელს საქართველოს მოიცავს. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას, რომლებიც უზრუნველყოფს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვისაც“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს აქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამავე მიმართულებით საქართველო სამუშაო რეჟიმშია ინდოეთთან, ჰონკონგთან და ისრაელთან, რაც საქართველოს თანდათანობით აქცევს დიდი სავაჭრო ურთიერთობების მიმზიდველ პლატფორმად.
„ეს მიმზიდველობა გამომდინარეობს სწორედ იმ შედეგებიდან, რომლებსაც საქართველოს მთავრობამ მიაღწია კერძო სექტორთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად.
სულ რამდენიმე დღის წინ მქონდა პატივი, თბილისში მემასპინძლა მსოფლიო ბანკის 10 აღმასრულებელი დირექტორისთვის, რომლებმაც სრული მხარდაჭერა გამოხატეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების მიმართ. ასევე დადებითად აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. მისიის წევრები მკაფიოდ აფიქსირებენ, რომ რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება, ძალიან პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკურ აქტივობაზე და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს მნიშვნელოვნად განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
2017 წელი საქართველომ ხუთპროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელი ასევე ძალიან პოზიტიურად დაიწყო. მარტში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.6 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია არსებული ვითარების გათვალისწინებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უკავია. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონების, ვაჭრობის სექტორებში და რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის მთავარი ლოკომოტივი გახლავთ ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულმა მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც 2017 წელს დაიწყო, ხელი შეუწყო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას.
„2017 წელს ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა და პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა თითქმის მილიარდ 900 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამასთან, 2017 წლის რეინვესტირების შთამბეჭდავი – თითქმის 130-პროცენტით განისაზღვრა, რაც პირდაპირი მინიშნებაა ინვესტორთა მხრიდან ნდობის ზრდასა და ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ პოზიტიურ მოლოდინებზე. 2017 წლის ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი საქონლისა და მომსახურების წმინდა ექსპორტის სახით, საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ შეიტანა. ექსპორტი გაიზარდა 29.1%-ით და 2 მილიარდ 728 მილიონი დოლარი შეადგინა.
2018 წლის იანვარ-აპრილში კი, ევროკავშირში ექსპორტი 24 პროცენტით არის გაზრდილი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციები აქვს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის, მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო პირველ ათეულშია მე-9 ადგილით; „Heritage Foundation”- ის ეკონომიკური თავისუფლების 2018 წლის ინდექსის მიხედვით მე- 16 ადგილზი გვიკავია, მაშინ როდესაც 2012 წელს 34-ე ადგილი გვეკავა;
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, საკუთრების უფლების დაცვის კუთხით, საქართველო 46-ე პოზიციაზეა, რასაც 2012 წელთან შედარებით 74 პოზიციით გაუმჯობესებული ადგილი ცხადყოფს. 2017 წლის სექტემბერში სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3- დან Ba2-მდე. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად მოხდა.
წელს, მარტში კი, სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით. რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებული ოყო სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით 2014 წლის შემდგომ რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური შოკების ფონზე, რაც ეკონომიკის მოწყვლადობის შემცირებასა და ინსტიტუციური გარემოს გაძლიერებაზე მიანიშნებს.
ყოველივე ეს მტკიცე საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ შესრულდეს ხელისუფლების მიერ აღებული ყველა ვალდებულება და შენარჩუნდეს წარმატებული პროგრესი რეფორმების განხორციელების პროცესში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.