გიორგი კვირიკაშვილი - ფუძნდება არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იზრუნებს
მთავრობის გადაწყვეტილებით, არასამეწარმეო იურიდიული პირი – „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის“ იქმნება, რომელიც მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იზრუნებს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებების შეძენასთან დაკავშირებულ პრობლემას.
„2013 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაინერგა საქართველოში, მოსახლეობამ მნიშვნელოვანი შვება მიიღო, თუმცა პრობლემად რჩებოდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებების შეძენა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმატი პირველ ეტაპზე, წელსვე მოგვცემს საშუალებას, რომ პენსიონერებმა მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასად შეიძინონ ის მედიკამენტები, რაც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი განმარტებით, „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის“ მომგებიანი ორგანიზაცია არ არის, ის არასამეწარმეო იურიდიული პირია და საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის პარტნიორობას ითვალისწინებს.