გიორგი კვირიკაშვილი - ევროპული კომპანიების ეკონომიკური წარმომადგენლობა საქართველოში გაცილებით უფრო მეტი იქნება
გიორგი კვირიკაშვილი - ევროპული კომპანიების ეკონომიკური წარმომადგენლობა საქართველოში გაცილებით უფრო მეტი იქნება

უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა საქართველოში არსებულ შესაძლებლობებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

მისი თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებმა ძლიერი ინტერესი გამოხატეს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს არაერთი მათგანი ესტუმრება.

„დღეს საღამოს იმართება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც საუბარი გვექნება, როგორც პოლიტიკაზე, ასევე, ეს იქნება გარკვეულად სასტარტო შეხვედრა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი საპატიო სტუმრობის გახსნის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურისა და არა მხოლოდ მწერლობის ძალიან მნიშვნელოვანი წარმოჩენა. ვფიქრობთ, ევროპაში საქართველოს შესახებ დღეს საერთო აზრია, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი გზით ვითარდება.

ჩვენს ქვეყანაში დღემდე უკვე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ნაბიჯები. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ჩვენი დღევანდელობით, პრობლემებით და უფრო მეტ მხარდაჭერას ვნახულობთ. დარწმუნებული ვარ, ევროპული კომპანიების ეკონომიკური წარმომადგენლობაც გაცილებით უფრო მეტი იქნება მომავალში. ამას აუცილებლად დავინახავთ და დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრები ამის კარგი მაგალითი იქნება.

აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე გვქონდა საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის, ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. საერთოდ, ჩვენი ოკუპაციის პრობლემა და რეგიონში არსებული მდგომარეობა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის კონტექსტშიც, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია მთლიანად რეგიონში სტაბილურობისა და ამაზე ჩვენს ყველა მეგობართან ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ.

ის მხარდაჭერა, რომელიც აქვს დღეს საქართველოს, არის სწორედ ამ საუბრების შედეგი და გამოხატულება საქართველოს საგარეო ვექტორისადმი მხარდაჭერის, სტაბილურობის ჩვენს რეგიონში და ა.შ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მიუნხენის კონფერენცია გვაქვს წელს და, დარწმუნებული ვარ, ამ კონფერენციას ექნება ძალიან კონკრეტული პოზიტიური შედეგები საქართველოსთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისთან შეხვედრას და განაცხადა, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ წერტილზეა, რაც გასაფრთხილებელია.