გიორგი კვირიკაშვილი - ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება, თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას შეჩერება არ ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ემუქრება თუ არა ვიზალიბერალიზაციას საფრთხე, რასაც პრემიერ-მინისტრმა მოკლე კომენტარით უპასუხა.
„ვიზალიბერალიზაციას არ ემუქრება საფრთხე, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ყველანი ერთად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეს უდიდესი სიკეთე“, – აღნიშნა პრემიერმა.
ბრიუსელში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. შეხვედრის დაწყებამდე შვედეთისა და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთან მიმართებაში განცხადება გააკეთეს. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ტომას დე მაიზიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კიდევ უფრო არ გაიზარდოს. ამასთან, შვედეთის შს მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებების კუთხით იდენტიფიცირებულია ოთხი ქვეყანა, რუმინეთი, ლიტვა, პოლონეთი და საქართველო.