დავით ზალკალიანი - დავგეგმეთ ერთობლივი ნაბიჯები, რომელთა შედეგად შეჩერების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დადგება
დავით ზალკალიანი - დავგეგმეთ ერთობლივი ნაბიჯები, რომელთა შედეგად შეჩერების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დადგება

ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დიდი მონაპოვარი, რომელიც ქვეყანას გააჩნია ევროკავშირში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით, შენარჩუნებული და გამყარებული იყოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ წუხილზე, რომელიც საქართველოს პარტნიორი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან მოდის, საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ რეაგირებს.

„შესაბამისი ნაბიჯები იდგმება, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით. გარკვეული ქვეყნების მხრიდან წუხილი იყო გამოთქმული თავშესაფრის მაძიებლების სტატისტიკის ზრდასთან დაკავშირებით და ჩვენი ქმედებებიც ადეკვატურია“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, გუშინ თბილისში ევროკავშირის საშინაო საქმეთა კომისრის წარმომადგენელთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.

„შეხვედრები ყველა იმ უწყებაში გაიმართა, რომელიც ამ პროცესში ჩართულია. კონკრეტული ერთობლივი გეგმები დავგეგმეთ, რაც ჩვენი შემდგომი ნაბიჯებით იქნება განსაზღვრული როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. მომავალში ამაზე საუბარი აუცილებლად გვექნება. ვფიქრობ, ეს ის კონკრეტული ნაბიჯებია, რასაც შედეგად მოჰყვება, რომ ევროპულ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებლების ზრდის სტატისტიკა საგრძნობლად შემცირდება და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დადგება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გუშინ ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, სიმონ მორდუს შეხვდა. თეა წულუკიანმა სიმონ მორდუსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის შენარჩუნების შესახებ ისაუბრა და ინფორმაცია მიაწოდა, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა უკანონო მიგრაციის შესამცირებლად. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში.