ალექსანდრე ბარამიძე - დარწმუნებული ვარ, საქართველოს მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება
ალექსანდრე ბარამიძე - დარწმუნებული ვარ, საქართველოს მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი საქართველოს მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმს არ აამოქმედებს.

ამის შესახებ ბარამიძემ „დოიჩე ველეს“ სტატიის საპასუხოდ განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეები ბოროტად სარგებლობენ ვიზალიბერალიზაციით.

ბარამიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის თავიდან ასაცილებლად შესაბამის ნაბიჯებს დგამს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, ევროკომისია და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ინფორმირებული არიან იმ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს.

„ეს თემა ახალი არ არის. რამდენიმე კვირის წინაც იყო ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყნებს აღელვებთ თავშესაფარის მსურველთა რიცხვისა და კრიმინალური ქმედებების ზრდა. ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა ვიზალიბერალიზაციისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას“, -განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, უკვე მიღებულია საკანონმდებლო პაკეტი გვარის შეცვლის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ პირს აღარ ექნება შესაძლებლობა, როცა და რამდენჯერაც მოისურვებს, იმდენჯერ შეიცვალოს გვარი.

„ეს საკითხი უშუალოდ იყო დაკავშირებული თავშესაფრის პრობლემატიკასთან, რადგან უარის შემთხვევაში, პირები იცვლიდნენ გვარს და კვლავ მიმართავდა იგივე ან სხვა სახელმწიფოს იგივე მოთხოვნით. ამ ცვლილებას ემატება ისიც, რომ პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტები, რომლებიც საზღვარზე სქრინინგს გულისხმობს – როცა მიდიხარ ევროკავშირის ქვეყანაში, მოწმდება, გაქვს თუ არა შესაბამისი მოწვევა, გარკვეული სახსრები, რომ რამდენი ხანიც რჩები, შენი თავი შეინახო, გაქვს თუ არა სასტუმროს ჯავშანი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი და სხვა. თუ ეს ყველაფერი არ აქვს მოქალაქეს, მესაზღვრე შეამოწმებს და შესაძლოა, არც გაატაროს საზღვარზე“, – აღნიშნა ბარამიძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად არის კავშირზე ევროკომისიასთან, კოლეგებთან.

„დარწმუნებული ვარ, ასეთი ძალისხმევების ფონზე ის საფრთხეები, რაზეც იწერება, მათ შორის უცხოურ პრესაში, რეალურად არ დადგება“, – აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.

გერმანულმა გამოცემამ „დოიჩე ველე“ სათაურით – „საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობენ“ სტატია გამოაქვეყნა.  პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროკავშირთან შეთანხმება ერთი წლის წინ გააფორმა, თუმცა სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვი დრამატულად გაიზარდა.