საქართველო ამაყობს თავისი ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობით, კანონის უზენაესობით, რომელიც დღითიდღე მტკიცდება, აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით, მედიის თავისუფლებით, ეკონომიკური დინამიზმით, ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოთი და კორუფციის დაბალი დონით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა ისაუბრა არა მხოლოდ საქართველოს მიღწევებზე ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, არამედ ქვეყნის ბუნებრივ ევროპულ სულისკვეთებაზე ისეთ განსხვავებულ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა და ლიტერატურა.
“ქართველებს გვჯერა, რომ კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი – მშვიდობა და თავისუფლება შეიძლება შევინარჩუნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პატივს ვცემთ დემოკრატიისა და ერთა მშვიდობიანი თანაარსებობის ღირებულებებსა და პრინციპებს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მხრიდან მშვიდობისა და თავისუფლების ღირებულებების ურყევ ერთგულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი, როგორც ერის პროგრესისთვის.
ჩვენი ერთგულება ამ ღირებულებებისადმი გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ ეფექტიანი რეფორმების განხორციელების, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების, თავისუფალ სამყაროში ინტეგრირების და, საბოლოოდ, ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის კუთხით. საქართველოს წარმატების ისტორია ნათლად ცხადყოფს, რომ ინსტიტუციური რეფორმები, დემოკრატიული კონსოლიდაცია, ღიაობა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, დასავლეთთან მჭიდრო პარტნიორობა და სტაბილური პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე – ყოველივე ეს წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურ ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნის გზას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ კორუფციის დაბალი დონით, საქართველო ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც კი უსწრებს; ხოლო 2017 წლის სექტემბერში საქართველომ ჩაიბარა გლობალური მულტინაციონალური ინიციატივის – ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა, რომელიც ხელს უწყობს გამჭვირვალობის განმტკიცებას და ასაზრდოებს მოქალაქეთა ძალაუფლებას მთელ მსოფლიოში და ქვეყანა ამ აღიარებით ამაყობს.
“დაახლოებით 26 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული საქართველო ისწრაფვის ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლისკენ, უფრო სწორად – დაბრუნებისკენ, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და ღირებულებები. ეს არის ჩვენი ხალხის დიდი უმრავლესობის არჩევანი, რომელიც ასახულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზანში, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენი მისწრაფებები იმ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლიდანაც ჩვენ იძულებით ამოგვგლიჯეს, გაზიარებული და მიღებულია მეორე მხარის მიერ.
როგორც ნატომ, ისე ევროკავშირმა, ასევე მათმა წევრმა სახელმწიფოებმა, მხარდაჭერის ხელი გამოუწოდეს ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას და ამას ქართველი ხალხი დიდად აფასებს. გერმანია ყოველთვის იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე და დასაფასებელი და სანდო მეგობარი. 90-იანი წლების დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური დახმარების წყალობით, საქართველო გადაურჩა იმ მძიმე პირობებს, რომლებიც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლას. დროთა განმავლობაში თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის მართლაც მრავალგანზომილებიანი გახდა და დღეს მოიცავს პოლიტიკას, ეკონომიკას, თავდაცვას, უსაფრთხოებას, განათლებას, მეცნიერებას, კულტურას და ბევრ სხვა სფეროს. გერმანია გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს დასავლური გეზის განხორციელებაში. გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი და ევროკავშირის ინსტიტუციური მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს, იქცეს მდგრადი დემოკრატიის მქონე ქვეყნად”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, ევროკავშირთან ამბიციური ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება რჩება საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტად.
“ევროკავშირთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის სარგებელი ეჭვგარეშეა. 2017 წლის მარტში საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭათ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება. ამ ისტორიულმა მომენტმა საქართველო მნიშვნელოვნად დააახლოვა ევროპასთან. უვიზო მიმოსვლა ხელს უწყობს პროფესიულ გაცვლას ბიზნესმენებს, მეცნიერებს, სტუდენტებს და ხელოვნების წარმომადგენლებს შორის. ეს კი ნიშნავს, რომ ქართველებს აქვთ შესაძლებლობა, ჩამოვიდნენ ევროპაში და თავად იხილონ ევროპელთა მიღწევები, კეთილდღეობა, კანონის უზენაესობის პატივისცემა და კეთილგანწყობილი გარემო – ანუ, სამყარო, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ტრანსფორმაციის ამსახველ უკანასკნელ მონაცემებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, შთამბეჭდავია.
“საკმარისია, ვახსენოთ, რომ საქართველომ, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის თანახმად,104-ე ადგილიდან (2012 წელი) გადაინაცვლა 64-ე ადგილზე; ასევე, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, 137-ე ადგილიდან 48-ე ადგილზე; ასევე, 74 ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია, გადაინაცვლა რა 120-ე ადგილიდან 46-ე ადგილზე საკუთრების უფლების კატეგორიაში. საქართველო არის ბუნებრივი კვანძი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიულ ინიციატივებს, მათ შორის სამხრეთის დერეფანს და აბრეშუმის ახალ გზას. ჩვენმა მთავრობამ წამოიწყო ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ-დასავლეთის სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო ვაჭრობას. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, რეგიონში ახალი დინამიკა შემოიტანა. აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რითაც მზადდება საფუძველი რეგიონში სამომავლო ინვესტიციებისა და კეთილდღეობისთვის. ევროკავშირის გარდამქმნელი ძალის, ასევე ჩვენი ხალხის ევროპული არჩევნისა და ურყევი გადაწყვეტილების წყალობით, საქართველო იქცა ლიდერად რეგიონში სტაბილური ევროპული დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ბოლოდროინდელი გამოცდილება წარმოადგენს შთამბეჭდავ ნიმუშს იმისა, რომ დემოკრატიული ტრანსფორმაცია და უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება შესაძლებელია რეგიონში, სადაც არსებობს გადაუჭრელი კონფლიქტები.
“საქართველოს წინაშე დღესაც დგას სერიოზული გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით, ასევე ჩვენი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მიმდინარე მილიტარიზაცია, ხოლო ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი დღესაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა არავინ არის დაზღვეული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეებისგან, რის გამოც ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით ჩვენს ორმხრივ კავშირებს გერმანიასთან. ეს კავშირები ნაცადი და საიმედოა და მათი ფესვები უნდა ვეძებოთ პირველ გერმანულ დასახლებებში, რომლებიც საქართველოში ზუსტად ორი საუკუნის წინ აღმოცენდა. გერმანიამ წამყვანი როლი შეასრულა 100 წლის წინ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებაში. გერმანია დღესაც გადამწყვეტ როლს ასრულებს და გვევლინება საქართველოს სუვერენიტეტის და განვითარების გარანტად”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი განცხადებით, საქართველო ძალიან აფასებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსს, რომელიც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, გერმანულ და გლობალურ აუდიტორიებს მიეცეთ თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და მდიდარი მემკვიდრეობის, ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის გაცნობის საშუალება.
“საქართველო-გერმანიის ჰარმონიული ურთიერთობების აღდგენის პროცესი იმდენად ინტენსიურია, რომ ორი ქართველი მწერალი გერმანულადაც კი წერს წიგნებს. მათ უკვე დაიმკვიდრეს ადგილი, როგორც ცნობილმა გერმანელმა ავტორებმა. ბევრი თქვენგანი შეიძლება იცნობს ამ მწერლების ნაწარმოებებს, ესენია: ნინო ხარატიშვილი და გივი მარგველაშვილი. სხვადასხვა ქართველი მწერლის დაახლოებით 200 წიგნი, როგორც თანამედროვე, ისე კლასიკა, წარდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის წლევანდელ ბაზრობაზე. ვფიქრობ, ეს არის არა მხოლოდ ქართველი მწერლების ლიტერატურული ნიჭის აღიარება, არამედ ჩვენს ერებს შორის თბილი გრძნობების სიმბოლოც: საქართველოს, როგორ ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყანას, და გერმანიას, როგორც დამკვიდრებულ ევროპულ დემოკრატიულ და ინდივიდუალურ თავისუფლებათა დამცველ ქვეყანას შორის. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები მოიცავს არა მხოლოდ საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ტექნიკურ საკითხებს, არამედ ასევე მოიცავს მწერლების, პოეტებისა და მხატვრების შემოქმედებითი წარმოსახვის ძალას, რომელიც აერთიანებს განსხვავებულ კულტურებს და ხოტბას ასხამს ჩვენი საერთო მსოფლიოს მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით გაიმართა. თემატურ დისკუსიაში საქართველოს მთავრობის წევრებმა და ქართველმა ავტორებმა მიიღეს მონაწილეობა.