გიორგი კვირიკაშვილი - ევროკავშირი საქართველოს უმნიშვნელოვანეს რეფორმირების პროცესში გვერდით უდგას
ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს უმნიშვნელოვანეს რეფორმირების პროცესში და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჟან -ლოდ იუნკერს მისი პირადი წვლილისთვის საქართველოს დახმარების პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ჟან-კლოდ იუნკერის საქართველოში ვიზიტი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსადმი.
„მინდა, მივესალმო ევროკომისარ იოჰანეს ჰანს და ჟან-კლოდ იუნკერის დელეგაციას საქართველოში. ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს უმნიშვნელოვანეს რეფორმირების პროცესში და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჟან-კლოდ იუნკერს მისი პირადი წვლილისთვის საქართველოს დახმარების პროცესში. ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესში. დღეს საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე რეფორმების დღის წესრიგი, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე გადაადგილდებიან ევროპაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი როლი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში. ევროკავშირი გახლავთ ჟენევის ფორმატის უმთავრესი მონაწილე მხარე და საქართველო ძალიან მადლიერია ევროკავშირის თანმიმდევრული პოზიციისა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის და აღიარების მიმართულებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტის საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების სახელით საქართველოში ვიზიტისათვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.