გიორგი კვირიკაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არ დაემუქროს ჭარბვალიანობის შედეგად გამოწვეული არანაირი რყევა
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარების დინამიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის შექმნილი, იყოს მდგრადი და საქართველოს არ დაემუქროს ჭარბვალიანობის შედეგად გამოწვეული არანაირი რყევა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჭარბვალიანობის შემცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგენს. პრემიერი მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ცვლილებებს მთელი მთავრობის მხარდაჭერა აქვს.
„ჭარბვალიანობის პრობლემის შემცირებასთან დაკავშირებით, საკითხი გამოაქვს მამუკა ბახტაძეს და მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო მას. ეს არის საკითხი, რომელზეც დებატები მიმდინარეობდა გასული დღეების განმავლობაში. ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ახალი რეგულაციები, რომელიც ჭარბვალიანობას, რომელიც აღიარებულია მათ შორის სავალუტო ფონდის არაერთ ანგარიშში, ჩვენ ქვეყანაში თანდათანობით შეამცირებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარების ის დინამიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის შექმნილი და გამოხატულია მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში, იყოს მდგრადი და საქართველოს არ დაემუქროს ჭარბვალიანობის შედეგად გამოწვეული არანაირი რყევა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი შეფასებით, სწორედ ამისკენაა მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მთელი მთავრობის მხარდაჭერა აქვს ამ პაკეტს, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური მდგრადობისთვის ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.