გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესის კეთება წავახალისოთ, რათა მოსახლეობის ფართო მასებმა ეს იგრძნონ საკუთარ ჯიბესა და ოჯახებზე
მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადის შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთება წავახალისოთ, განსაკუთრებით ამ ნიშაში, რათა ჩვენი მოსახლეობის ფართო მასებმა იგრძნონ საკუთარ ჯიბეზე და საკუთარ ოჯახზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილია საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი. ჩვენ ერთ-ერთ მასშტაბურ რეფორმას ვიწყებთ და ფინანსთა მინისტრის ძალიან კარგი ინიციატივაა – 120 000-ზე მეტ მეწარმეს შეეხება ეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. აქ იგულისხმება ფიზიკური პირები. საუბარია განაკვეთის ხუთჯერ შემცირებაზე 5 %-დან 1 %-მდე. თუ ადრე იყო 100 000 ლარამდე ბრუნვა, 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიას მოიცავს. მართლაც ძალიან მასშტაბური ცვლილებებია. ეს არის მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია და მნიშვნელოვანი იმით არის, რომ პირველი ეტაპზე, რომელიც ჩვენ მოგების გადასახადის გაუქმებით განვახორციელეთ, ძირითადად, შეეხო საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ხოლო კონკრეტულად ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარმეებს. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთება წავახალისოთ, განსაკუთრებით ამ ნიშაში, რათა ჩვენი მოსახლეობის ფართო მასებმა იგრძნონ საკუთარ ჯიბეზე და საკუთარ ოჯახზე“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, აღნიშნული ცვლილებების შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება მოხდეს. მისივე თქმით, ამ მიზნით, ფინანსთა მინისტრს მთელი ქვეყნის მასშტაბით მეწარმეებთან შეხვედრები აქვს დაგეგმილი.
„მე მოხარული ვარ, რომ ძალიან დიდი პოზიტივი მოჰყვა ამ ცვლილებებს პირველ ეტაპზე და მინდა გთხოვოთ, რომ მთელ ქვეყანაში მაქსიმალურად ყველამდე მივიტანოთ ეს ცვლილებები, ეს სიკეთე, რომელსაც ჩვენ ახლა ვთავაზობთ მოსახლეობას. ფინანსთა სამინისტროს დაგეგმილი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით მეწარმეებთან შეხვედრები და ძალიან კარგია, რომ ყველამ გაიგოს ეს შესაძლებლობა და ეს უდიდესი შეღავათი, რაც ამ ცვლილებებით არის გათვალისწინებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ცვლილებებს ახლავს კიდევ სხვა ადმინისტრაციული ტიპის შემსუბუქება და ძალიან მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომელიც აიოლებს მეწარმეების ურთიერთობას საგადასახადო ინსტიტუტებთან შემოსავლების სამსახურთან. მეწარმემ უნდა დახარჯოს მინიმალური დრო შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობაზე და სწორედ ასეთი ცვლილებებია ჩადებული. ამ დეტალებზე ფინანსთა მინისტრს ექნება საუბარი მცირე მეწარმეებთან ქვეყნის მასშტაბით და ყველამ უნდა გაიგოს ეს დიდი შესაძლებლობა, რასაც ეს ცვლილებები იძლევა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.