გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი თაობის, ხელისუფლების მთავარი მისია ქვეყნის გამთლიანება გახლავთ, ამ მისიას ნაბიჯ-ნაბიჯ, ღირსეულად აღვასრულებთ
1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტში არის შემდეგი სიტყვები – „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, – ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა.
პრემიერის თქმით, საქართველო ხვალ ზეიმობს უდიდეს დღესასწაულს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას ეძღვნება.
გიორგი კვირიკაშვილმა მთელ საქართველოს წინასწარ მიულოცა აღნიშნული დღე.
„ჩვენ ხვალ ვზეიმობთ უდიდეს თარიღს, რომელიც ეძღვნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას. მინდა წინასწარ მოგილოცოთ ყველას, მთელს ჩვენს ქვეყანას ეს უდიდესი დღესასწაული და ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, რომ ამჯერად შეუქცევადად გამხდარიყოს ევროპული ოჯახის წევრი და ის უდიდესი საქმე, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1918 წლის 26 მაისს, დაგვირგვინებულიყოს საქართველოს ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიღებით. ჩვენ ეს ყველას გვჯერა და გვწამს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, საქართველო აღნიშნულ დღესასწაულს არამხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიო მასშტაბით აღნიშნავს.
„ჩვენ ამ თარიღს აღვნიშნავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 200-მდე სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. საქართველოს ესტუმრება ძალიან ბევრი უცხოური დელეგაცია. ასევე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება საქართველოს საელჩოების მიერ ორგანიზებული სპეციალური ღონისძიებები. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მეგობრებთან ერთად ვიზეიმებთ ამ უდიდესი მნიშვნელობის თარიღს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, დღეს საქართველოს ეწვევა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ასევე თბილისს ესტუმრება ექვსი ქვეყნის პრეზიდენტი.
„უნდა ითქვას, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ჩამობრძანდება დღეს საღამოს საქართველოში. ასევე, ექვსი ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა საქართველოს და ათობით ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, რომელთან ერთადაც ჩვენ ამ უდიდეს დღესასწაულს ვიზეიმებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი განცხადებით, აღნიშნულ დღესასწაულთან და შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაერო-ს მიერ გამოშვებულია საფოსტო მარკა, რომლის პრეზენტაცია გაერო-ს სათაო ოფისში გაიმართა.
„უნდა ითქვას, რომ ამ დღესთან დაკავშირებით და ასევე, რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაერო-მ გამოუშვა საფოსტო მარკა. მისი პრეზენტაცია ნიუ-იორკში გაიმართა ორი დღის წინ, გაერო-ს სათაო ოფისში, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიცის დადების ცერემონია გაიმართება ერთდროულად თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში, ბათუმსა და გელათში. აღნიშნული წერტილებიდან დაგეგმილია პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება გველის. დღეს საქართველოს წარმატებას აღიარებს მთელი მსოფლიო. ევროპაში საქართველო მიიჩნევა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების მიხედვით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ღირსეულად ვხვდებით ამ თარიღს.
წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი ჩასატარებელი სამუშაო და უმთავრესი ჩვენი საქმე გახლავთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი მისია ჩვენი თაობის, ჩვენი ხელისუფლების და დარწმუნებული ვარ, ამ მისიას ნაბიჯ-ნაბიჯ, ღირსეულად აღვასრულებთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.