გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი მთავრობის ცენტრალურ ღირებულებად რჩება ადამიანი და მისი უფლებების დაცვა
პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოდის სიტყვით.
პრემიერი პარლამენტის წევრებს მთავრობის გეგმებს აცნობს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა გამოსვლისას განაცხადა, მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტთან თანამშრომლობა.
„მოგეხსნებათ, საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მეტი კოორდინაცია პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალური ჩართულობით გადავწყვიტოთ ის საჭირბოროტო საკითხები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და რომელიც ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობის მთავარ ცენტრალურ ღირებულებად რჩება ადამიანი, მისი უფლებები და მისი უფლებების დაცვა.
„ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არის ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან დიდი პროგრესი, ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების, კანონის უზენაესობის მშენებლობა ქვეყანაში. ამ სტრატეგიის ცენტრალური ხაზი გახლავთ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია დიდი ხანია, ჩვენთვის აღარ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკური ვექტორი. იგი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჩვენი შიდარეფორმების დღის წესრიგს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.