გიორგი კვირიკაშვილი - ერთობით შევძლებთ, საქართველოს დავუბრუნოთ დიდება, რომელიც ეკუთვნის, უნდა დავიწყოთ საკუთარი თავიდან და მეც ჩემს თავს ვეუბნები ამას
გიორგი კვირიკაშვილი - ერთობით შევძლებთ, საქართველოს დავუბრუნოთ დიდება, რომელიც ეკუთვნის, უნდა დავიწყოთ საკუთარი თავიდან და მეც ჩემს თავს ვეუბნები ამას

მინდა, მთელ საქართველოს ვუსურვო უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეშიცაა აღნიშნული, ხსნა ეკლესიის, ერისა და ხელისუფლების ერთობაშია.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მინდა, მთელ საქართველოს ვუსურვო უკეთესი ხვალინდელი დღე, ხვალინდელი დღის იმედი. როგორც ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა და საშობაო ეპისტოლეშიც იყო ვრცლად ნასაუბრები ამაზე – გამოწვევები და პრობლემები ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ ერთადერთი ხსნა არის ერთობაში, მათ შორის, ეკლესიის, ერის და ხელისუფლების ერთობაში. სწორედ, ამ ერთობამ და სარწმუნოებამ მოგვიტანა ჩვენ დღევანდელი საქართველო და სხვა გადარჩენა არ არსებობს. მთელ საქართველოს მინდა, ვუსურვო პირველ რიგში, ხვალინდელი დღის იმედი, ერთობა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთობით ჩვენ შევძლებთ იმას, რომ საქართველოს დავუბრუნოთ ის დიდება, რომელიც მას ეკუთვნის. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ საკუთარი თავიდან და მეც ჩემს თავს ვეუბნები ამას პირველ რიგში“, –  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დედაქალაქის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.