გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა განათლების სისტემაში ძალადობისგან თავისუფალი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა
ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, სკოლასა და ზოგადად, განათლების სისტემაში ძალადობისგან თავისუფალი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ამ მიმართულებითაც დაწყებულია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა – სხვადასხვა უწყების ერთობლივი მუშაობით შეიქმნა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, უფრო ინტენსიურად მოხდება სასკოლო პროცესში ფსიქოლოგების და მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფა. დაიწყო მოსწავლეებთან აქტიური კომუნიკაციის პროექტიც“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერის თქმით, განათლების სისტემაში არსებული ამოცანები, ხელისუფლებასთან ერთად, საზოგადოების მაქსიმალურ აქტიურობას მოითხოვს.
„დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების წინაშე ვდგავართ და ისინი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ძალიან დიდ ძალისხმევას საჭიროებს. ამავე დროს, ეს ყველაფერი მოითხოვს საზოგადოების მაქსიმალურ აქტიურობას. ჩვენი ვალია, არამხოლოდ მკაფიოდ ავუხსნათ საზოგადოებას განხორციელებული ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის არსი, არამედ უწყვეტი საჯარო დისკუსიის პირობებში ერთად შევქმნათ ისეთი განათლების სისტემა, რომელიც გახდება ძალიან ძლიერი დასაყრდენი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში ჩვენ ნამდვილად დიდ წარმატებას მივაღწევთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.