გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში მიმდინარე პროგრესი ყველა ოჯახზე აისახოს
ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში მიმდინარე პროგრესი ყველა ოჯახზე აისახოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის საქალაქო კონფერენციაზე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სტაბილური განვითარების კიდევ რამდენიმე წელია საჭირო, რომ ქვეყანაში განხორციელებული პროექტების შედეგები ყველა ოჯახმა იგრძნოს. პრემიერმა კონფერენციაზე რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ვრცლად ისაუბრა.
„ჩვენ ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ქვეყანაში საჭიროა სტაბილური განვითარების კიდევ რამდენიმე წელი, რათა ყველა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს განხორციელებული პროექტების შედეგები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი ამოცანაა, ყველა ოჯახზე აისახოს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა სტაბილურობა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და სწორედ ამ ამოცანას ვახორციელებთ თქვენთან ერთად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციაზე.
პრემიერმა ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები ჩამოთვალა, მათ შორის აღნიშნა, რომ გარდაბანში დაგეგმილია 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკის მშენებლობა. თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა 2020 წელს იგეგმება. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა სხვა ენერგო, ნაგავსაყრელების მოწყობის, რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდების, ასევე, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სოგოუთლოში ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე.
ამასთან, პრემიერის განცხადებით, პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რეგიონში სულ მხარდაჭერილია 39 პროექტი, 66 მლნ ლარზე მეტი ჯამური ინვესტიციის მოცულობით. პროექტები 1 100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ცალკე კომპონენტით კი, მხარდაჭერილია 420 პროექტი, ჯამური საინვესტიციო მოცულობით 4.2 მლნ ლარი. ჯამში დაფინანსებულია 700-მდე ბენეფიციარი.
მისი თქმით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტითა და აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამით, ქვემო ქართლის რეგიონში გაიხსნა 22 ახალი საწარმო და გაფართოვდა 148 არსებული საწარმო. სრულმა ინვესტიციამ თითქმის 17 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. დასაქმდა 2500-მდე ადამიანი. წარმატებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შედეგად კი, რეგიონში 148 კოოპერატივი ჩამოყალიბდა, რომლებიც ძირითადად მეცხოველეობას, მეფუტკრეობას, მებოსტნეობასა და მემარცვლეობას ეწევიან.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში ქვემო ქართლის რეგიონიდან მონაწილეობს 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი წალკის, თეთრიწყაროსა და დმანისის მუნიციპალიტეტებიდან.
ამასთან, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რეგიონში განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი, რომელიც აღჭურვილია მაღალი და საშუალო გამავლობის 31 ახალი ავტომობილით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები სრულად არის აღჭურვილი სამედიცინო ინვენტარით, რაც პირველადი დახმარების ხარისხიან მიწოდებას უზრუნველყოფს. პრემიერმა სხვა პროექტებზეც ისაუბრა, მათ შორის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში რეგიონში დამტკიცებულ პროექტებზე, სამელიორაციო ინფრასტრუქტურასა და ა.შ.
„ეს ყველაფერი მოვყევი, რადგან ყველა თქვენგანმა იგრძნოს საკუთარი წვლილი ქვეყანაში განხორციელებულ და არსებულ პროგრესში“, – მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის საქალაქო კონფერენციის მონაწილეებს.