გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ვგეგმავთ მცირე ბიზნესის განვითარების მეორე ტალღას
საქართველოს მთავრობა მცირე ბიზნესის განვითარების მეორე ტალღაც გეგმავს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „საქართველოს კაპიტალის“ საინვესტიციო გეგმების შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით მთავრობის ეკონომიკური უკვე მუშაობს და გარკვეული იდეებიც არსებობს.
„ჩვენ ვგეგმავთ მცირე ბიზნესის განვითარების მეორე ტალღას – კაპიტალში დახმარებას, არა მხოლოდ დამწყები, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. გვაქვს უკვე გარკვეული იდეები ამ მიმართულებით, მთავრობის ეკონომიკური ბლოკი აღნიშნულ საკითხზე მუშაობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ 300 მლნ აშშ დოლარის ოდენობით ახალი ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში და განთავსდება ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: ტურიზმის სექტორი, ენერგეტიკა, უძრავი ქონება.
„დარწმუნებული ვარ, ეფექტი, რომელსაც 300 მლნ აშშ დოლარის შემოდინება შექმნის ამ სექტორებში პირდაპირ აისახება არაერთ სხვა სექტორზე, ეს იქნება – კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, კომუნიკაციები და ა.შ“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც ორი დღის წინ საჯარო გახდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის თაობაზე, ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და „საქართველოს კაპიტალის“ წარმატებაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების კუთხით სწორი გეზია აღებული.
პრემიერის განცხადებით, ბიზნესის განვითარების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები საქართველოს გადააქცევს ყველაზე დინამიურ ქვეყნად რეგიონში, რაც საბოლოო ჯამში, მოქალაქეებზე ძალიან პოზიტიურად აისახება.
BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესჰოლდინგური კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“ 300 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განათავსა.