მიხეილ ჭელიძე - რეიტინგი დაეხმარება ინვესტორს, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღოს
მიხეილ ჭელიძე - რეიტინგი დაეხმარება ინვესტორს, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღოს

აღნიშნული რეიტინგი დაეხმარება ინვესტორს, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღოს, – ამის შესახებ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ ჭელიძემ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ჩატარებული კვლევის შეფასებისას განაცხადა, რომელშიც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში პირველ პოზიციაზე დასახელდა.

მისი თქმით, საქართველოს კონკურენტუნარიანობა გაიზრდება.

„ინვესტორი როდესაც იღებს გადაწყვეტილებას, ჩადოს თუ არა თანხა, ან რომელ ქვეყანაში ჩადოს, ეს რეიტინგი და კვლევა რაც დაიდო, დაეხმარება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ. თვითონ ამ რეიტინგის კრიტერიუმები, რამაც წაგვწია წინ, არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბიზნესგარემო და სხვა მრავალი ფაქტორი, რომელსაც მნიშვნელობას ანიჭებს ინვესტორი, როდესაც შემოდის ქვეყანაში.

ევროკავშირთან გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება და რაც უფრო დრო გავა, მეტი რეგულაციის მიღება დაგვჭირდება. ბევრი ასეთი რეგულაცია და რეიტინგებში წინ წაწევა შეიძლება, ქვეყანას ძვირი უჯდება, მაგრამ მთლიანობაში ქვეყანაში ფინანსურ კულტურასა და უსაფრთხოების ნაწილს  უზრუნველყოფს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ ჭელიძემ.

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია.