ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნივერსიტეტით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 100 წლის იუბილე იუნესკო-ს ეგიდით ტარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერისტეტის იუბილეზე საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან 147 დელეგატი ჩამოვა.
„წელს ვზეიმობთ ჩვენთვის ყველაზე საამაყო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს. ეს საქართველოსთვის არ გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო ინსტიტუტი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კერა, ეროვნული მუხტისა და თვითმყოფადობის შემანარჩუნებელი ინსტიტუცია, რომელმაც თაობები გაზარდა საქართველოში, ის თაობები, რომელბმაც შეინარჩუნეს ეროვნული მუხტი, დღეს მოგვიტანეს დამოუკიდებელი ქვეყანა. სწორედ ამ უნივერსიტეტის კერაზე გაიზარდა არაერთი სასიქადულო მამულიშვილი, რომელმაც საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნივერსიტეტით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუნესკო-ს ეგიდით ტარდება ეს იუბილე. მნიშვნელოვანია, რომ 147 ქვეყნიდან ჩამოვა წარმომადგენლობა და დელეგაციები, როგორც სამეცნიერო წრეებიდან, ასევე სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი ჩვენთან ერთად იზეიმებენ ამ უდიდესი ტრადიციების მქონდე უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.