გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ გვაქვს შეცდომებიც და წარმატებებიც, მაგრამ მთავარია, თანმიმდევრული გზით, სადაც წარმატებები სჭარბობს შეცდომებს, სანუკვარ შედეგს მივაღწევთ
პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება, – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი. რა თქმა უნდა, იმის იმედი გვაქვს, რომ „ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ღირსეულ სიტყვას იტყვის. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და გუბერნატორის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების, მაჟორიტარი დეპუტატების მუშაობას და ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მისი თქმით, შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა, ხელისუფლებას აქვს შეცდომებიც და წარმატებებიც, შედეგის მიღება კი, მხოლოდ ერთად დგომითა და კონსოლიდაციით არის შესაძლებელი.
„შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის და ერთი წამით არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ გადამეტებული სიამაყის გრძნობით ვესაუბრებით მოსახლეობას. რა თქმა უნდა, გვაქვს შეცდომებიც, გვაქვს წარმატებებიც, მაგრამ მთავარია, რომ იმ თანმიმდევრული გზით, სადაც წარმატებები გაცილებით უფრო სჭარბობს შეცდომებს, ჩვენ მივაღწევთ ერთიან, სანუკვარ შედეგს, რასაც ერთიანი, ძლიერი საქართველო ჰქვია, ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებთან ერთიანობა და წელგამართული თითოეული ქართული ოჯახი ჰქვია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.