გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ კონფლიქტის ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური განზომილება
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ კონფლიქტის ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური განზომილება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაცია არის ძალიან საგანგაშო ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევის კუთხითაც, მაგრამ თვითონ აფხაზეთისა და აფხაზებისათვის, მათი თვითმყოფადობის შენარჩუნების კუთხით, ასევე ოსებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს გადაუწყვეტელი უდიდესი ჭრილობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს – ის ჩაკეტილი, საბედისწერო წრე, რომელზეც ჩვენ დავდივართ, გავხსნათ, გამოვიდეთ ამ წრიდან და დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა, რათა ეს უმძიმესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნომერ პირველი პრიორიტეტის მქონე პრობლემა მოვაგვაროთ და არ დავუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობებს, აფხაზების მომავალ თაობებს და ოსების მომავალ თაობებს. ეს არის პრობლემა, რომელიც საერთო, სახალხო ჩართულობით უნდა მოგვარდეს.

დამერწმუნეთ, თითოეული ჩვენი შეხვედრა ჩვენს პარტნიორებთან, თითოეული ჩვენი გადადგმული ნაბიჯი იწყება და მთავრდება ამ პრობლემით. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, ხშირად კულისებს მიღმაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები და მივიღოთ ხელშესახები შედეგები და არსებული ფორმატებიც გავააქტიუროთ, ასევე შემოვიტანოთ ის ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ და უფრო მეტი ინსტრუმენტები დავნერგოთ, რათა მივიღოთ მეტი ჩართულობა და გადავდგათ ნაბიჯები, რომ აღვადგინოთ დაკარგული ნდობა. ეს არ არის მარტივი. ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს ძალიან რთულ ნაბიჯებს. ხშირად ეს ნაბიჯები შეიძლება არ იყოს პოპულარული და ყველას მიერ მოწონებული, მაგრამ დიალოგით ჩვენ უნდა შევძლოთ, მივიღოთ კონსენსუსი, რათა გადავდგათ ნაბიჯები და ჩამოვყალიბდეთ, რა ტიპის ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, სად და რა მოდელით უნდა მოვძებნოთ ერთობა, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით, რომ მივცეთ საშუალება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, მათი ინტერესებიც დაკმაყოფილდეს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი მთავრობის მიერ შემუშავებულ ახალ პაკეტს წარმოადგენს, რომელიც ნდობის აღდგენისა და ეკონომიკური ნაკადის გააქტიურებისკენ იქნება მიმართული.

„ჩვენ პირველმა უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ქართულ-რუსული განზომილება წამყვანი იყო ამ კონფლიქტში, მაგრამ ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ ამ კონფლიქტის ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური განზომილება. სწორედ ამიტომ, უახლოეს დღეებში ქეთევან ციხელაშვილი წარმოდგება ძალიან საინტერესო პაკეტით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა. იყო კონსულტაციები საპარლამენტო გუნდთანაც და დიდი იმედი გვაქვს, თქვენთან ერთად ჩამოვყალიბდებით იმ პაკეტზე ჩვენი ნაბიჯების, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავიწყოთ ნდობის აღდგენის პროცესი, გავააქტიუროთ ეკონომიკური მიმოქცევა და პარალელურად ამისა, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს საერთაშორისო მასშტაბით იმისათვის, რომ მოვახერხოთ ჟენევის დისკუსიების არსებული ფორმატის გააქტიურება, დონე ავწიოთ ამ ფორმატში და გვქონდეს შესაძლებლობა კონფლიქტის დარეგულირებაზეც ვიმსჯელოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენი ხელისუფლების და ჩვენ ეს ამოცანა უნდა გადავჭრათ აუცილებლად, რადგან სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ძალიან საგანგაშო, არის საგანგაშო რა თქმა უნდა, ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევის კუთხითაც, მაგრამ არის საგანგაშო ნამდვილად თვითონ აფხაზეთისათვის და აფხაზებისათვის, მათი თვითმყოფადობის შენარჩუნების კუთხით და რა თქმა უნდა, ოსებისთვის. მილიტარიზაცია ამ რეგიონში მიდის შეუქცევადად. ეს არის ყველაზე დიდი იარა საქართველოს სხეულზე და ჩვენ ერთად ამ იარას აუცილებლად ვუმკურნალებთ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.