გიორგი კვირიკაშვილი - ჩამორთმეული ქონების დაბრუნების კუთხით საკმარისზე გაცილებით ცოტა გავაკეთეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, რაღაც ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ, რათა „გაუბედურებულ ადამიანებს დაუბრუნდეთ ქონება“. ამის შესახებ პრემიერმა საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე ჩამორთმეული ქონებების დაბრუნების შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენ ვერ გავაკეთეთ საკმარისი, საკმარისზე გაცილებით ცოტა გავაკეთეთ. ალბათ, მომავალში მოგვიწევს უფრო დაჩქარებულ ტემპებში გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროდ, პროცედურულად ძალიან დიდი დრო მიაქვს პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტის მიერ ასეთი ტიპის საკითხების განხილვას. ძალიან დიდი მოცულობის საქმეებია და სპეციფიკა ასეთი ტიპის საქმეების ძალიან რთულია, დაჩქარდეს. გეთანხმებით, რომ ვითარება გამოსასწორებელია და სავარაუდოდ, რაღაც ნაბიჯების გადადგმა მასიურად მოგვიწევს, რომ გაუბედურებულ ადამიანებს დაუბრუნდეთ ქონება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ისაუბრა „ალბატროს ჯგუფის“ ხელმძღვანელისთვის ქონების ჩამორთმევის საკითხზე და განაცხადა, რომ ყველაფერი გააკეთა, რათა დავით ბეგიაშვილის მაღაზიას ფუნქციონირება განეახლებინა.
„რაც შეეხება ბატონი ბეგიაშვილის ქონებას, ჩემი მინისტრობის პერიოდში გავაკეთე მაქსიმუმი, რაც შემეძლო. პირველ რიგში, გადაწყვეტილების სრულად მიღებამდე მას მივეცით საშუალება, შესულიყო მაღაზიაში. მე მას პირადად შევხვდი. მას ჰქონდა პრობლემა, რომ ცნობილ სავაჭრო ბრენდებს გაეწყვიტათ მასთან ურთიერთობა. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მის მაღაზიას ფუნქციონირება განეახლებინა, რომ მას ეს კონტრაქტები არ დაეკარგა. ეს არის სიმართლე.
შეგიძლიათ ჰკითხოთ მას, დარწმუნებული ვარ დაადასტურებს. რაც შეეხება იმას, რომ ქონება ბოლომდე არ დაბრუნდა, ამ საკითხს პირადად დავუბრუნდები. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სასამართლო სისტემაში ეს საკითხი ბოლომდე ვერ გავიდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული უფლებამოსილების საზღვარი, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიმოქმედოთ. თუ გვექნება რაიმე ბერკეტი, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანმა ქონება დაიბრუნოს“, – განაცხადა პრემიერმა.