გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსიმ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბელარუსის რესპუბლიკას ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში გაწეული სწრაფი და მნიშვნელოვანი დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობას და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობას.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში მზარდი დინამიკა არსებობს. მივესალმები ბელარუსის რეპუბლიკის კულტურის დღეების ჩატარებას საქართველოში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ უდიდესი დახმარებისთვის, რომელიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში გაგვიწიეთ.თქვენმა ეკიპაჟმა მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულა ძალიან მნიშვნელოვანი მისია ბორჯომის ხეობაში და ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ. მინდა დავუდასტურო ჩემი პატივისცემა პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. ასევე მინდა, მოვიკითხო ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში შედგება ჩვენი შეხვედრა, რომელზეც ძალიან მნიშვნელოვანს საკითხებს განვიხილავთ. მინდა, მთელი მთავრობის სახელით დაგარწმუნოთ, რომ ორმხრივი ურთიერთობები მოძმე ქვეყანასთან, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მივესალმებით მზარდ დინამიკას. ეს წელი 100 მილიონი დოლარის ოდენობის სავაჭრო ბრუნვით დავასრულეთ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმისკენ, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზარდოს და არსებული პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს გულთბილი მიღებისა და შეხვედრების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველო ჩვენთვის მოძმე ქვეყანაა, რომელთანაც ყოველთვის ვმუშაობდით, ვმუშაობთ და მომავალშიც განვაგრძობთ მუშაობას, რათა ჩვენი ხალხების ცხოვრება გაუმჯობესდეს. ვულოცავ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც განახლებულ, რეფორმირებულ მთავრობაში დაიკავეს პოზიციები. ჩვენ განსაკუთრებით მოხარულნი ვართ, რომ ეს პოზიციები დაიკავეს იმ ადამიანებმა, ვისთანაც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება გვაკავშირებს. ისინი არიან მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც იციან თავიანთი საქმე და დიდ სარგებელს მოუტანენ ქართველ ხალხს. წელს ტვირთბრუნვამ 100 მილიონი დოლარი შეადგინა და ჩვენი ამოცანაა მომავალ წელს 200 მილიონი დოლარი იყოს. ეს შესაძლებელია და ჩვენ ამას მივაღწევთ. ეს გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და დამატებით შემოსავალს ჩვენი ხალხებისთვის”, – განაცხადა მიხაილ რუსიმ.
შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე დაესწრნენ.