გიორგი კვირიკაშვილი - ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო შეჯიბრის ჩატარება მნიშვნელოვანი წარმატებაა საქართველოსთვის
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით შეჯიბრის ჩატარება სკიკროსში ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„16-17 თებერვალს ბაკურიანში იმართება საერთაშორისო შეჯიბრი. ეს გახლავთ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის, FIS-ის ეგიდით სკიკროსში გასამართი საერთაშორისო შეჯიბრი.
შეჯიბრი იმართება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, FIS-ის ეგიდით. ჩვენი რვა მოთხილამურე მონაწილეობს ამ შეჯიბრში. სპორტსმენები ჩამოსული არიან ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ავსტრალიიდან, ყაზახეთიდან. მათ ბაკურიანში მოპოვებული ქულები გამოადგებათ მსოფლიო თასის ეტაპებში მონაწილეობისთვის, რადგან ის აძლევს შესაძლებლობას ასეთ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდველის სათხილამურო ტრასის შეჯიბრისთვის მოსამზადებლად, საქართველოში სკიკროსის მსოფლიო კლასის ტრასის დიზაინერ-მშენებლები ჩამოვიდნენ და მათ სპეციალურად მოაწყვეს ტრასა ამ შეჯიბრებისთვის.
„ამ შეჯიბრის ჩატარება უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება საქართველოსთვის. ეს არის მოსამზადებელი ეტაპი 2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად ფრისტაილში და სნოუბორდში.
მოგეხსენებათ, ჩვენ ამაზე შეტანილი გვაქვს განაცხადი, რომ საქართველოში 2023 წელს ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატი, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ამ შეჯიბრს აქვს კიდევ ერთი დატვირთვა. მოგეხსენებათ, რომ სკიკროსი შევიდა ზამთრის სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, ამიტომ ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომელსაც 2030 წელს გააჩნია ამბიცია, რომ საქართველოში ჩავატაროთ 26-ე ზამთრის ოლიმპიადა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უკვე ოლიმპიური ზამთრის სპორტის სახეობებს ვმასპინძლობთ საერთაშორისო მასშტაბით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.