გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტში გაიმართა.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, არტურ რასიზადემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მზად არის, განაგრძოს ძალისხმევა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოსთვის განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორია და მისასალმებელია ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა.

პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვის შესაძლებლობა განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებსაც არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური მნიშვნელობა აქვს.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს სტაბილურობის შენარჩუნებისა და არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს საქართველოსა და აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკების დაარსებიდან 100 წლის იუბილე მიულოცეს და იმედი გამოთქვეს, რომ ეს მნიშვნელოვანი თარიღი ღირსეულად აღინიშნება.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.