გიორგი კვირიკაშვილი - ასეთ სიტუაციებში უფრო ღირსეულად უნდა მოვიქცეთ, დავასრულოთ სპეკულაციები და მადლობა გადავუხადოთ ამ ბიჭებს
მინდა, მოვუწოდო პოლიტიკოსებსა თუ ექსპერტებს, რომლებიც გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებას, ასეთ სიტუაციებში არ არის გამართლებული მსგავსი სპეკულაციები. მე მგონი, უნდა იყოს რაღაც მომენტი, როცა ჩვენ ყველა ერთად დავდგებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში განაცხადა, სადაც სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სამართალდამცავების მოსანახულებლად მივიდა.
„იმედია, ისინი ამას გაითვალისწინებენ. რა თქმა უნდა, შეკითხვები შეიძლება დაისვას და, ბუნებრივია, არსებობს ინსტიტუციური ფორმატები, რომლებშიც ასეთი ტიპის შეკითხვებს პასუხები გაეცემა, მაგრამ არ შეიძლება, ასეთი ტიპის ოპერაციების დეტალებზე საჯაროდ საუბარი.
მინდა, ვთქვა, რომ ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და არანაირი საფუძველი იმის, რომ რაიმე შიში არსებობდეს უსაფრთხოებასთან მიმართებით, არ არსებობს. ჩვენმა გმირმა ბიჭებმა შეძლეს, გაენეიტრალებინათ ის საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა, ცუდი შედეგით დასრულებულიყო.
ასევე, მინდა, გავცე პასუხი იმ სპეკულაციებს, რომ გაგრძელდა დიდი ხანი. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა სხვადასხვაგვარად მოქმედება, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი იყო მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მსხვერპლი არ ყოფილიყო და ეს ჩვენი სპეცრაზმის თანამშრომლებმა შეძლეს.
ჩვენ გვინახავს სხვა ტიპის სპეცოპერაციები სხვა ქვეყნებში, სადაც შენობებს ანგრევენ და ასეთ შედეგზე არიან ორიენტირებული, ჩვენ სხვა სტილი გვაქვს, სხვა ხელწერა გვაქვს და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავის სიცოცხლის ფასად მოიტანა ეს შედეგი, რაც ახლა გვაქვს.
ასევე მინდა ისიც ვთქვა, რომ გაისმა შეკითხვები, რომ ისინი ქალაქის ცენტრში აღმოაჩინეს და როგორ აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, ისინი დღეს არ იყვნენ აღმოჩენილები და წინასწარი ინფორმაციები არსებობდა და სწორედ ის, რომ აღმოაჩინეს, არის ამ წინასწარი მუშაობის შედეგი. ის, რომ დღეს, ვისაც არ ეზარება, ყველა გახდა ამ საქმის ექსპერტი და მცოდნე, მგონია, რომ ასეთ სიტუაციებში უფრო ღირსეულად უნდა მოვიქცეთ ხოლმე, დავასრულოთ ეს სპეკულაციები და მადლობა გადავუხადოთ ამ ბიჭებს.
არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან. ჩვენ არავითარ შემთხვევაში, მათ ეროვნებასა და მოქალაქეობრივ კუთვნილებას არ უნდა გავუსვათ ხაზი. ფაქტია, რომ მათ მშვიდობიან მოწოდებაზე, რომ ჩაბარებოდნენ პოლიციას, უპასუხეს სროლით. ასეთ სიტუაციაში, ბუნებრივია, ყველანაირი ეჭვი, რომ შეიძლება გაცილებით უარესი შედეგი ყოფილიყო, არის აბსოლუტურად დასაბუთებული და სპეცრაზმმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, იმოქმედა აბსოლუტურად ლეგიტიმურად და სწორად“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.