გიორგი კვირიკაშვილი - ალექსანდრე ჯეჯელავას ვერ დავაბრალებ, რომ სისტემა დააქცია
ოთხპუნქტიანი პროგრამის ფარგლებში, განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებით პირველი ნაბიჯები ალექსანდრე ჯეჯელავას პერიოდში გადაიდგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის შემადგენლობა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
გიორგი კვირიკაშვილმა განათლების სისტემასთან დაკავშირებით ფრაქციის დეპუტატების კითხვებს უპასუხა. პრემიერმა ისაუბრა ალექსანდრე ჯეჯელავას პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე და ამ მიმართულებით გამოყო სკოლების გაზიფიცირების პროექტი.
„რაც შეეხება ალექსანდრე ჯეჯელავას, მინდა ვთქვა, რომ ვერანაირად ვერ დავაბრალებ მას იმას, რომ სისტემა დააქცია, პირიქით, ვფიქრობ, ფუნდამენტურად თუ შევხედავთ მის მიერ გაკეთებულ საქმეს, მე გთხოვდით, რომ კარგად გენახათ ეს ყველაფერი.
ეროვნულ კომპონენტს რაც შეეხება, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიტანა სკოლებიდან, სწორედ სანდროს დროს დაბრუნდა, დაიწყო სკოლების გაზიფიცრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თვითონ ოთხპუნქტიანი პროგრამის ფარგლებში, პირველი ნაბიჯები განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებით გადაიდგა სანდროს პერიოდში.
მის ზოგიერთ განცხადებას მეც არ ვეთანხმები და სხვათაშორის ხშირად მქონია საუბარი იმიტომ, რომ ვფიქრობ, ხანდახან ეს იწვევდა გამაღიზიანებელ რეაქციას. მაიმუნების შესახებ ცნობილ განცხადებაში, მან სულ სხვა რამ იგულისხმა, მაგრამ ასეთ დროს, სჯობს, გავითვალისწინოთ ხოლმე ის პირდაპირი აღქმები, რომლებიც ამ დროს იქმნება, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება სანდროს დანაშაულად, იმიტომ რომ მან ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა და ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა პარლამენტში დღეს დაიწყო. მინისტრტა კაბინეტის წევრებს საპარლამენტო კომიტეტებში მოუსმინეს, ხოლო შემდეგ მოსმენა ფრაქციების ფორმატში გაგრძელდა.
ფრაქციებში შეხვედრების შემდეგ, 21:00 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, ხოლო ხვალ, 21 დეკემბერს პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებს.