გიორგი კვირიკაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე დღეს სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით V სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
დღეს გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით მიმართავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის პლენარული სხდომის მონაწილეებს და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტზე განიხილება, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამით გათვალისწინებული რეფორმებისა და პროგრამების იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევით, წარმატებით განხორციელდა, ასევე – აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. გიორგი კვირიკაშვილი სამიტამდე ერთი დღით ადრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა.