დონალდ ტუსკი - საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ განსაკუთრებულ პროგრესს და საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას.

დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია. მხარეებმა ისაუბრეს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატის შესახებ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს როლს აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებაში. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში აქვს ამბიციური ორმხრივი დღის წესრიგი, 2017-2020 წლებისთვის გაწერილი სამოქმედო გეგმა და მზად არის, გააკეთოს იმაზე მეტი ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს.

ასევე, განხილულ იქნა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და ხაზი გაესვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხებში წელს გახსნილი ახალი სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობას. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

დონალდ ტუსკმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ხაზი გაუსვა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ამ პროცესში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე მიულოცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით და მაღალ დონეზე ჩატარება.