გიორგი კვირიკაშვილი - 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ნიშნავს უკვე დღეიდან გაზრდილ ინვესტიციებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ თავისუფალი სტილით სრიალში – თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ნიშნავს უკვე დღეიდან გაზრდილ ინვესტიციებს ბაკურიანსა და გუდაურში, მთელ საქართველოში.
„არ შემიძლია, არ ავღნიშნო ის უდიდესი წარმატება, რომელზეც დღეს მთელი საქართველო საუბრობს. ეს გახლავთ გუშინ მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე საბერძნეთში გამოცხადებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო 2023 წელს იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი თხილამურებით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში.
ეს არის საქართველოს დამკვიდრება მსოფლიო ტურიზმის, ზამთრის ტურიზმის და ზამთრის სპორტის სახეობების რუკაზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის გადასვლა ამ მიმართულებით უმაღლეს ლიგაში და ეს არ არის 2023 წელი, ეს იწყება დღეიდან, მეგობრებო, იმიტომ, რომ დღეს ამის გამოცხადება ნიშნავს უკვე დღეიდან გაზრდილ ინვესტიციებს ბაკურიანსა და გუდაურში პირველ რიგში და რა თქმა უნდა, მთელი საქართველის მაშტაბით.
ეს არის კერძო სექტორის მხრიდან უფრო მეტი ენთუზიაზმი ზამთრის სპორტის სახეობების მიმართულებით, ზამთრის ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო მაღალი რანგის პრიორიტეტში აყვანა ზამთრის ტურიზმის და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი საყოველთაო სახალხო ჩართულობა ზამთრის სპორტის სახეობებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.