გიორგი კოხრეიძე - მინდა, მოვუწოდო ყველას, მივიდნენ არჩევნებზე და უარი უთხრან რეჟიმის დაბრუნებას
გიორგი კოხრეიძე საზოგადოებას მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არ დარჩნენ სახლში, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე და უარი უთხრან რეჟიმის დაბრუნებას.
ამასთან, გიორგი კოხრეიძის განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება, მივიდნენ და დაუბრკოლებლად მისცენ ხმა თავიანთ სასურველ კანდიდატს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი კოხრეიძე მიმართვაში საუბრობს.
„მიუხედავად თითქმის ყველა სფეროში არსებული პრობლემებისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში, სააკაშვილის დროსაც კი, როცა მთელი სახელმწიფო მანქანა დამიპირისპირდა არ მქონია ასეთი მძიმე მდგომარეობა, როგორც დღეს, მიუხედავად იმისა, რბილად რომ ვთქვათ, როგორ უსამართლოდ მოექცა „ოცნება“ იმ ადამიანებს, მათ შორის მეც, ვინც 2012 წელს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გვერდში ვედექით მას, მიტინგებზე დგომა და გულში ხელის ბრახუნი არ მაქვს მხედველობაში, მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისთვისაც ჩემი სიტყვა ფასობს და ვისაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, 28 ნოემბერს არ დარჩნენ სახლში, მივიდნენ არჩევნებზე, ხმა მისცენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და უარი უთხრან რეჟიმის დაბრუნებას. საარჩევნო კომისიამ კი, უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება, მივიდნენ და დაუბრკოლებლად მისცენ ხმა თავიანთ სასურველ კანდიდატს“, – აცხადებს გიორგი კოხრეიძე.
თავის მხრივ კი, პირობას დებს, არჩევნების შემდეგ ყველა საშუალებას, მათ შორის რადიკალურსაც გამოიყენებს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დაესვას სახელმწიფოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას.
გიორგი კოხრეიძე პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავს.
„ბატონო ბიძინა, გულწრფელად მჯერა, ამ ქვეყნისთვის მხოლოდ კარგის კეთების სურვილი გაქვთ. შეუძლებელია, თქვენი მდგომარეობის მქონე ადამიანს სხვა რამე ამოძრავებდეს, ამიტომაც იყო, რომ პირველივე დღიდან დავდექი და ვდგავარ თქვენს გვერდით, თქვენი და არა „ოცნების“ რომელიმე წევრის გვერდით, ხოლო შემდეგ როგორ მომექცა „ოცნება“ თქვენი სახელით, ამის გაგება თქვენთვის საინტერესო სიახლე აღმოჩნდება. არ მინდა, ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი, რადგან „ვიღაცეების” გამო, დაუმსახურებლად შეიძლება გაისვაროთ. სიმართლე გითხრათ, თქვენი პატივისცემიდან გამომდინარე, დღემდე არ გამომიტანია საჯაროდ ყველა ის, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემა, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდები და ვხედავ და, რომელიც სასწრაფო გამოსწორებას მოითხოვს, მაგრამ თვალის დახუჭვით პრობლემები, რომ არ გვარდება ეს ჩემზე უკეთ იცით. თუ გექნებათ სურვილი, მზად ვარ ნებისმიერ დროს მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ ფაქტებზე, რომლებიც თქვენთვის უცნობია რადგან მიმაჩნია, ჩემი მხრიდან და ყველა იმ ადამიანის მხრიდან, ვისაც ჩვენ ქვეყანაზე გული შესტკივა ასეთ ფაქტებზე თვალის დახუჭვა ქვეყნის და ხალხის წინაშე დანაშაული იქნება“, – აღნიშნავს გიორგი კოხრეიძე მიმართვაში.
გიორგი კოხრეიძე მიმართვაში, რომლის ადრესატები საქართველოს მთავრობა, თბილისის მერია, ცესკო და ზოგადად, „ქართული ოცნება“ არიან, საქართველოში შშმ პირთა მძიმე მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დროა, ბოლო მოეღოს შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებში უსისტემო მოქმედებებს.