გიორგი კოხრეიძე მთავრობას, თბილისის მერიასა და ცესკო-ს მიმართავს, შშმ პირთათვის არჩევნებზე ხმის მიცემის შესაძლებლობა უზრუნველყონ
გიორგი კოხრეიძე მთავრობას, თბილისის მერიასა და ცესკო-ს მიმართავს, შშმ პირთათვის არჩევნებზე ხმის მიცემის შესაძლებლობა უზრუნველყონ

გიორგი კოხრეიძე საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის არჩევნებზე ხმის მიცემის შესაძლებლობა უზრუნველყონ.

გიორგი კოხრეიძემ აღნიშნულ საკითხზე მიმართვა დღეს გააკეთა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივ მდგომარებაზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან, როგორც მან განმარტა, სურდა მიმართვა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაეკეთებინა, თუმცა არჩევნების პირველ ტურში განვითარებულმა მოვლენებმა აიძულა, აღარ დალოდებოდა მეორე ტურს და სათქმელი დღეს, არჩევნების მეორე ტურის წინ ეთქვა, რადგან მისივე თქმით, აშკარაა რეჟიმის დაბრუნების საშიშროება. ამასთან, კოხრეიძის ინფორმაციით, არჩევნების პირველ ტურში მას და ბევრ ეტლით მოსარგებლე პირს საარჩევნო კომისიამ ხმის მიცემის უფლება არ მისცა.

გიორგი კოხრეიძე მიმართვაში განმარტავს, 2013 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის რატიფიცირების შემდეგ ხუთი წელი გავიდა და დღემდე არ არსებობს ქვეყანაში ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა კონვენციის განხორციელებაზე. ნაცვლად იმისა, რომ შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა აღნიშნული ხუთი წლის განმავლობაში გაუმჯობესებულიყო, მნიშვნელოვნად გაუარესებულია.

„2018 წლის 9 ოქტომბერს მოსამართლე ნინო ყანჩაველმა მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის წინააღმდეგ, რითაც პრაქტიკულად „სასამართლო ბეჭედი“ დაუსვა ფაქტს, რომ მინიმუმ სამი წელია ქალაქის სატრანსპორტო სამსახური მიუხედავად იმისა, რომ იცის ამ დისკრიმინაციულ ფაქტის შესახებ, აგრძელებს ქმედებას დღემდე. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ქალაქში არის ძალიან ბევრი სივრცე, სადაც სატრანსპორტო სამსახურის მიერ დაკიდული ნიშნის გამო საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ეზღუდება კანონის დაურღვევლად ქვეითად, ვიმეორებ ქვეითად მისვლის საშუალება. მაგალითად გორის ქუჩა. იქ ისეა დახაზული პარკინგი და მანქანების მოძრაობის მიმართულება, რომ ეტლით მოსარგებლე პირი ვერ მივა თუ კანონი არ დაარღვია“, – აცხადებს გიორგი კოხრეიძე.

მისივე თქმით, ხუთი წლის განმავლობაში როგორც პარლამენტმა, ასევე მთავრობამაც მიიღო გადაწყვეტილებები, რომლითაც კიდევ უფრო დაამძიმა შშმ პირთა ისედაც მძიმე მდგომარეობა, რადგან ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არავის გახსენებია შშმ პირთა საჭიროებები.

„აშკარაა, რომ ხელისუფლებას არ აქვს კომუნიკაცია შშმ თემთან, ან თუ აქვს, მათი კომპეტენცია ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. გავიხსენებ პრემიერის სიტყვებს, რომელიც მან შშმ პირთა წინაშე არსებული პრობლემის შესახებ ბრძანა „აღმოჩნდა”. არადა, რაც „აღმოჩნდა” წლების განმავლობაში დგას ეს პრობლემა შშმ პირთა წინაშე და ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეძლო მისი გადაწყვეტა. მადლობა მას ამისთვის, მან ეს გააკეთა და მჯერა კიდევ ბევრ კარგს გააკეთებს მაგრამ მე უფრო მაწუხებს სიტყვები „აღმოჩნდა”. ეს ნიშნავს იმას, რომ მას  არ ჰქონდა კომუნიკაცია თემთან და ეს პრობლემა მისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი“, – აღნიშნავს გიორგი კოხრეიძე.

მისივე თქმით, არჩევნების პირველ ტურში მასა და ბევრ ეტლით მოსარგებლე პირს საარჩევნო კომისიამ ხმის მიცემის უფლება არ მისცა.

„არჩევნების პირველ ტურში მე და ბევრ ეტლით მოსარგებლე პირს საარჩევნო კომისიამ ხმის მიცემის უფლება არ მოგვცა. უბანი, რომელიც ადაპტირებული იყო ქალაქის მერის არჩევნების დროს არაადაპტირებული დაგვხვდა პრეზიდენტის არჩევნებისას. სხვის შემთხვევაზე არაფერს ვიტყვი და ჩემ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილმა ჩემ ხმასთან ერთად, 15 წუთის განმავლობაში დაკარგა მინიმუმ 10 ხმა. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში შემსწრე იყვნენ ჩემი პროტესტის, საარჩევნო უბანი მეორე სართულიდან პირველზე ჩაეტანათ, მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, ვერ გეტყვით რა მიზნით, ალბათ მხარდაჭერის, მათ გადაწყვეტილებაზე იმოქმედა ჩემმა ფაქტმა და ხმა მისცეს ჩემდა სამწუხაროდ, „ოცნების“ წინააღმდეგ, თუმცა მანამდე არ აპირებდნენ. ნიშანდობლივი მომენტია, არც ერთს არ უთქვამს ქალბატონი სალომეს საწინააღმდეგო. ამ დროს „ოცნების“ დეპუტატი თავს იწონებს, ევროპული სტანდარტის დონის არჩევნები ჩავატარეთო. 16 წლიანი ბრძოლის შედეგად მიღწეული ერთ წელიწადში გააქრეთ? ესაა ევროპული სტანდარტი“? – აცხადებს გიორგი კოხრეიძე.

ამასთან კოხრეიძის თქმით, ის არსებული ვითარების შესახებ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანას ერიდება, რადგან მიაჩნია, რომ ერთეულების გამო, ისევ შშმ თემი შეიძლება, დაზიანდეს. თუმცა, მისი თქმით, პრობლემები იმატებს და არ იკლებს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მუშაობენ, აკეთებენ საქმეს.

„მაგრამ შედეგი? ვინაა პასუხისმგებელი დისკრიმინაციაზე? წესით და კანონით მთავრობა, მაგრამ გვაქვს კი მორალური უფლება რამოდენიმე თვის დანიშნულ პრემიერს ან მერს მოვთხოვოთ პასუხი ამ ფაქტებზე? რა თქმა უნდა, არა და ამიტომაცაა, რომ კატეგორიულად მოვითხოვთ კონვენციის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოს შექმნას, რომლის არსებობა და ფუნქციონირება არ იქნება დამოკიდებული რომელიმე პარტიის დღის წესრიგზე, ან მთავრობის ცვლილებაზე“, – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ და აღნიშნა, რომ დროა, ბოლო მოეღოს უსისტემო მოქმედებებს შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებში.

მისვე თქმით, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და დაუშველებია, შშმ პირის დამოუკიდებელი ცხოვრების სტილს ამკვიდრებდნენ ადამიანები, რომლებსაც ამის გამოცდილება არ აქვთ.

„არ მინდა დეტალებში შესვლა, რადგან არ მსურს გული ვატკინო ვინმეს. ჩემი სურვილია, მთავრობას მივაწვდინო ხმა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. არ შეიძლება სახლიდან გარეთ გამოსვლის გამო წლების განმავლობაში სასამართლოებში გიწევდეს ადამიანს სიარული, არ შეიძლება შშმ პირის დამოუკიდებელი ცხოვრების სტილს ამკვიდრებდნენ ადამიანები, ვისაც ამის ერთი დღის გამოცდილებაც არ აქვთ. არ შეიძლება, ადამიანს წაართვა ხმის მიცემის უფლება და თავს იქებდე ევროპული სტანდარტის არჩევნები ჩავატარეთო. არ შეიძლება, გამკეთებელი და შემფასებელი ერთი და იგივე ინდივიდი იყოს. საკითხის აქტუალობის და შშმ პირთა აქტიურობის გამო, არ უნდა წაგვლეკოს დილეტანტიზმმა. კმარა ფურცლებში და წერაში ფულის ხარჯვა, დროა რეალური საქმე ვაკეთოთ“, – აღნიშნავს გიორგი კოხრეიძე.