გიორგი ხელაშვილი - უმრავლესობის სხდომაზე ვიმსჯელებთ 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ, როგორ ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან
უმრავლესობის წევრის, გიორგი ხელაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომაზე 19 აპრილს პარტიებს შორის დადებულ შეთანხმებასა და პარტიის ლიდერების წარმატებულ ვიზიტებზე იმსჯელებენ.
„ორ ძირითად საკითხზე ვიმსჯელებთ. პირველი – 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან ისე, რომ შევძლოთ ამ დოკუმენტის სულისკვეთების და მისი პუნქტების ბოლომდე შესრულება, მეორე – განვიხილავთ ბოლო კვირების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან წარმატებულ ვიზიტებს აშშ-სა და ბრიუსელში“, – განაცხადა ხელაშვილმა.
კითხვაზე, განიხილავენ თუ არა უმრავლესობის წევრები ამნისტიის საკითხსაც, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რომ ამნისტიასა და მსგავს საკითხებზე დიდ ყურადღებას დღევანდელ შეხვედრაზე არ გაამახვილებენ, რადგან ამაზე დეტალები შეთანხმებაშია გაწერილი.