გიორგი ხატიძე - პრემიერის ინიციატივა მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა მცირე ბიზნესის განვითარებისთვის
გიორგი ხატიძე - პრემიერის ინიციატივა მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა მცირე ბიზნესის განვითარებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა მცირე ბიზნესის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხატიძემ განაცხადა.

„ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და პრემიერმა პარლამენტში მთავრობის დამტკიცებისას გააჟღერა, რომ ამ მიზნით რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყებოდა. ფინანსთა სამინისტრომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა.

ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს მცირე მეწარმეებისთვის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას. კერძოდ, მცირე მეწარმეებისთვის ხუთჯერ შემცირდება ბრუნვის გადასახადი და 5%-ის ნაცვლად 1% გახდება. ამასთან მცირე ბიზნესად ჩაითვლებიან მეწარმეები, რომელთა შემოსავალი წლის განმავლობაში 500,000 ლარამდე იქნება, ნაცვლად დღეს არსებული 100,000 ლარისა.

აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა მცირე ბიზნესის განვითარებისთვის“, – აღნიშნა გიორგი ხატიძემ.

მცირე მეწარმეებისთვის ახალი, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის ამოქმედების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 1%-მდე დაიწევს.

ამასთან, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო მცირე ბიზნესის კატეგორიად ჩაითვლება.