ყოველგვარ აზრს მოკლებულია ნებისმიერ კორუფციაზე საუბარი, რადგან პროცესები ტარდებოდა აბსოლუტურად გამჭირვალედ. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, ნახოს ეს დოკუმენტაცია, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა სოფლის მეურნეობის პროგრამების შესაძლო კორუფციულ მიზნებთან დაკავშირებით მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის ბრალდებების საპასუხოდ.
მისი თქმით, სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამით, ასიათასობით კომპანიას მიეცა შესაძლებლობა, მიეღო კურსის დაზღვევის სუბსიდირება და შესაბამისად მიეწოდებინა საზოგადოებისთვის პროდუქცია 2020 წლის 10 მარტის ფასებით, თუმცა როგორც ხანოშვილი განმარტავს ეს არ ყოფილა ტენდერი, ეს იყო შესაძლებლობის მიცემა მსურველი კომპანიებისთვის.
ამასთან, როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, არ ფლობს ინფორმაციას ფასების ზრდის მკაცრი კონტროლის სქემაზე ანა დოლიძის შეთავაზებასთან დაკავშირებით, რომლის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„არ ვიცი, რა შეთავაზება ჰქონდა ქალბატონ ანას საზოგადოებისთვის და სავაჭრო ქსელისთვის. ვიცი, რომ ჩვენ ქვეყანაში „კოვიდის“ დაფიქსირებისთანავე, როდესაც შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, კომისიის ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა პროდუქციის მარაგებისა და ფასების კონტროლი გარკვეულწილად, შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და შესაძლებლობის შექმნა სოციალურად დაუცველი ფენებისთვის, ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენებისთვი, რათა არ მომხდარიყო სპეკულაციური ფასების ზრდა. არაერთგზის შევხვდით საბითუმო და საცალო ქსელს. მათთან ერთად შევიმუშავეთ განკარგულება, რომლის საფუძველზეც საქართველოში მომუშავე ასიათასობით კომპანიას მიეცა შესაძლებლობა, რომ შემოეტანა განცხადება, მიეღო კურსის დაზღვევის სუბსიდირება და შესაბამისად მიეწოდებინა საზოგადოებისთბის პროდუქცია 2020 წლის 10 მარტის ფასებით.
ჩვენდა სამწუხაროდ, ამ შეთავაზებით კომპანიების ძალიან მცირე ნაწილმა ისარგებლა მაგრამ საუბედუროდ, ჩვენ არ გვაკლდა პოლიტიკოსები, რომლებიც ემოციებსა და არასწორი ინფორმაციის მიწოდებას იყვნენ გამოკიდებული. ძალიან გულსატკენია, რომ ქალბატონი ანაც მათ რიცხვს მიემატა, რადგან მას შეეძლო წაეკითხა ეს დადგენილება და ნახავდა, რომ არანაირი ტენდერისა და შეჯიბრობითობის პირობებს ეს არ ითვალისწინებს. ეს არის ჩვეულებრივ შესაძლებლობის მიცემა ნებისმიერისათვის, რომელიც მოინდომებს ამ შესაძლებლობით სარგებლობას“, – განაცხადა ხანიშვილმა.
რაც შეეხება მისი განცხადების მეორე ნაწილს, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აქ საუბარია საქართველოში მომუშავე იმ წისქვილკომბინატებსა და იმპორტიორებზე, რომლებიც ხორბლისა და წისქვილის და შესაბამისად ფქვილის სექტორთან არიან დაკავშირებული.
„მათ მივეცით შესაძლებლობა, ესარგებლათ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული 40 000 ტონის შემოტანაში გარკვეული თანხის დაფინანსებით, იმ პირობით, რომ წარმოედგენათ ყველაზე დაბალი ფასი. სუბსიდირება განსაზღვრული იყო ტონაზე 40 დოლარით და ჩვენ გვყავს კომპანიები, რომლებმაც მოითხოვეს 30 დოლარის სუბსიდირება. აქ იმაზე კი არ იყო საუბარი, ვინ ვისი შემომწირველი იყო, საუბარი იყო იმაზე, თუ ვინ უფრო ნაკლები სუბსიდირებით შემოიტანდა ქვეყანაში. ქვეყანაში აბსოლუტურად წარმატებით დამთავრდა როგორც ერთი ისე მეორე პროექტი. ძალზე გულსატკენია, რომ ნაცვლად ასეთი წარმატებული დაჭერილი სიტუაციისა, როდესაც ქვეყანას არ ჰქონდა არანაირი დეფიციტი პროდუქტზე, არ ჰქონდა არანაირი ფასების მკვეთრი ზრდა და იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებას მადლობა გადაუხადონ ასეთი სწორი ქმედებისთვის, ჩვენ ვღებულობთ ასეთ იაფფასიან პოპულისტურ განცხადებას. არ ვიცი, ვინ ვისი შემომწირველია, მაგრამ ვიცი, რომ სახელმწიფო ფული დაიხარჯა აბსოლუტურად გამჭირვალედ, მიზნობრივად და შესაბამისად, ამ ორივე განკარგულებით დასახული მიზანი წარმატებით შესრულდა“, – განაცხადა ხანიშვილმა.
რაც შეეხება ანა დოლიძის განცხადების იმ ნაწილს, სადაც შპს „ბევრილისთვის“ხელშეკრულების ოთხჯერ გაფორმებაზეა საუბარი, როგორც ხანიშვილი აღნიშნავს, კონკურსი გამჭვირვალედ ტარდებოდა და ნებისმიერ კომპანიას შეეძლო მონაწილეობის მიღება. „ეს არის ძალიან მარტივი, გამჭირვალე პროცედურა, რომლის ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. ვინ რას ეძებს საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, ვინ რა მეთოდს იყენებს, უკვე მათ კეთილსინდისიერებაზე იყოს“, – განაცხადა ხანიშვილმა.
იმ განცხადებას საპასუხოდ, რომ პროდუქტებზე ფასები მაინც გაიზარდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ფასების შემოწმება ყოველდღიურად ხდებოდა და მკვეთრი ზრდა არც ერთ პროდუქტზე არ დაფიქსირებულა.
„ჩვენ პრაქტიკულად ყოველ ორ დღეში ერთხელ ფასებსაც და მარაგებსაც ვამოწმებდით და ფასის მკვეთრი ზრდა არ დაფიქსირებულა. ჩვენ ვამოწმებდით „კარფურის“, „ორი ნაბიჯის“, „ნიკორას“ ქსელებში მთელი საქართველოს მასშტაბით. შეიძლება, კონკრეტულ რომელიმე უბნის სუპერმარკეტში სხვა ფასი იყო, მაგრამ მთლიანად ჩვენ რაც განსაზღვრული გვქონდა, იქ გადახრა იყო მაქსიმუმ 3-5% საშუალოდ დანარჩენ პროდუქტებზე. ყოველგვარ აზრს მოკლებულია ნებისმიერ კორუფციაზე საუბარი, რადგან პროცესები ტარდებოდა აბსოლუტურად გამჭირვალედ ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, ნახოს ეს დოკუმენტაცია“, – განაცხადა ხანიშვილმა.