გიორგი ხანიშვილი - შაქარი მუდმივად შემოდის და 1 600 ტონა მარაგშიცაა, სამშაბათს იცლება გემი, რომელზეც 1 500 ტონა შაქარია, ხუთშაბათს რკინიგზით 2 000 ტონა შემოვა
გიორგი ხანიშვილი - შაქარი მუდმივად შემოდის და 1 600 ტონა მარაგშიცაა, სამშაბათს იცლება გემი, რომელზეც 1 500 ტონა შაქარია, ხუთშაბათს რკინიგზით 2 000 ტონა შემოვა

მინდა, საქართველოს მოსახლეობა დაბეჯითებით დავარწმუნო, რომ მარაგებთან დაკავშირებით არანაირი შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მინდა, საზოგადოება აბსოლუტურად დავამშვიდო, რომ შაქარი მუდმივ რეჟიმში შემოდის და ქვეყანაში მარაგები არის. მარტო თბილისში 400 ტონა შაქარია, მთლიანად ქვეყანაში კი, 1 600 ტონა. სამშაბათს გემი იცლება, რომელზეც 1 500 ტონა შაქარია, ხუთშაბათს კი, რკინიგზით 30 ვაგონი შემოდის 2 000 ტონა შაქრით. ასე რომ, იმდენს შაქარს მოვამარაგებთ, მე მგონი, ამ ადამიანებს მომავალ წლამდე ეყოფა. ფქვილთან დაკავშირებითაც არანაირი საფრთხე არ არსებობდა. პირიქით, წისქვილებს ჭარბი ფქვილი ჰქონდათ, რომელსაც ვერ ყიდდნენ და რეალურად, აღმოჩნდა, რომ უცბად, ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა. ასე რომ, როგორც წესი, ემოცია ცუდი მრჩეველია. მოგეხსენებათ, მაღაზიების მომარაგება მეყსეული საქმე არ არის. დახლები დაიცალა, მაგრამ მაღაზიები ნახევარ საათში უბრალოდ, ვერ მომარაგდება. იმიტომ, რომ ეს არის ლოჯისტიკური პრობლემა და თუ სადმე დღეს შეფერხება გვაქვს, ეს ლოჯისტიკური პრობლემაა, თორემ ქვეყანაში მარაგები ჭარბად არის. მინდა, საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაბეჯითებით დავარწმუნო, რომ მარაგებთან დაკავშირებით არანაირი შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა ხანიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ძირითად იმპორტიორებთან, ქსელური მაღაზიების ხელმძღვანელებთან, ასოციაციებთან და უწყება მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს.

„სწორედ მათ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვართ ასე დარწმუნებული, რომ ქვეყანაში მარაგებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ხანიშვილმა.

გიორგი ხანიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძირითადი მიღწევა ის არის, რომ ბაზარი თავისუფალია, ესა თუ ის სასაქონლო ჯგუფი ასეულობით იმპორტიორს შემოაქვს და სწორედ ეს ნიშნავს ბაზარზე მდგრადობას.

გიორგი ხანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მოსახლეობის მხრიდან ანალოგიური აჟიოტაჟი და უფრო მეტი საფრთხე იყო 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც კოვიდპანდემია დაიწყო, მაგრამ როცა საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა, ემოციები მაშინაც ორ-სამ დღეში ჩაცხრა.

„ახლაც, ვფიქრობთ, რომ ემოციები უკვე დამცხრალია და არანაირ პრობლემას არ ველოდებით“, – განაცხადა ხანიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა მსგავსი აჟიოტაჟი და პანიკური შესყიდვები არ გაგრძელდეს, გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ყველა ღონისძიება გაატარა და საზოგადოებას ინფორმაცია პრევენციულად მიაწოდა, რომ მარაგებს საფრთხე არ ემუქრებოდა, დანარჩენი კი ცალკეულ ადამიანებზეა დამოკიდებული.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს პრევენციისთვის, რათა პროდუქტებზე ფასებმა არ მოიმატოს, გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი საბაზრო პირობები და თითოეული მაღაზიის დონეზე, რომელიც ათასობით არის, უბრალოდ, ძნელია რამე პრევენცია, რომ ვინმემ ფასი არ გაზარდოს, თუკი მოთხოვნა ისე სწრაფად გაიზარდა, რომ ესა თუ ის საქონელი დეფიციტის წინაშე დგას.

„უბრალოდ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მათი ასეთი ემოციური ნაბიჯი ხელს უწყობს ფასების ზრდას. ამას სხვა პრევენცია არ აქვს. ეს არ არის სახელმწიფო რეგულირებადი ფასები. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ფასწარმოქმნა და ბიზნესი თავისუფალია, მათ შორის, ფასების დადგენაში. ამიტომ, სწორედ სიმშვიდე და სიდინჯე არის ის წინაპირობა, რომ საქართველოში ფასები სტაბილურად იქნება. მაგალითად, როდესაც 8 მარტს განვითარებული მოვლენების საფუძველზე 9 მარტს შეხვედრა გვქონდა, ყველა ასოციაცია ერთხმად გვეუბნებოდა, რომ ფასები ნამდვილად შენარჩუნებული იყო და გაზრდილი არ იყო. თუმცა, იმ დღეს, წინა დღის მოვლენებმა გამოიწვია ის, რომ ცალკეულ სასაქონლო ჯგუფზე გაზრდილმა მოთხოვნამ სწორედ იმ სასაქონლო ჯგუფზე გაზარდა ფასები, თორემ სხვა დანარჩენ სასაქონლო ჯგუფზე დღემდე არანაირი ფასი არ შეცვლილა და შენარჩუნებულია იგივე საფასო პოლიტიკა“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.