ანა დოლიძე - „ქართულმა ოცნებამ“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა კონკრეტული კორუფციული სქემისთვის შექმნა
ანა დოლიძე - „ქართულმა ოცნებამ“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა კონკრეტული კორუფციული სქემისთვის შექმნა

სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებლის, ანა დოლიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან მისი თქმით, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასებმა მაინც მოიმატა.

როგორც დოლიძე აცხადებს, მმართველმა გუნდმა ეს პროგრამა კორუფციული მიზნებისთვის შეიმუშავა.

„პანდემიის დასაწყისში დაიწყო ფასების ზრდის პრობლემა. ფასების კატასტროფული ზრდა პირდაპირ აწვებოდა მოქალაქეებს. მე მქონდა ფასების ზრდის მკაცრი კონტროლის სქემაზე წინადადება, თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სულ სხვა სისტემა აარჩია.

რატომ აარჩია ეს სისტემა, დღეს ძალიან კარგად არის გასაგები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებულმა პროგრამამ არ იმუშავა, რადგან პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასებმა მაინც მოიმატა. გარდა ამისა „ქართულმა ოცნებამ“ ეს პროგრამა შექმნა კონკრეტული კორუფციული სქემისთვის იქიდან გამომდინარე, რომ თავადვე როგორც პარტიას ესარგებლა ფასების ზრდის სიტუაციით და სავარაუდოდ კორუფციული სქემით გაემდიდრებინა ისევ და ისევ საკუთარი პარტიული ინტერესი. მოგეხსენებათ რომ დაიდო ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორი მიმართულებით; ერთი არი პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების  და მეორე – ხორბლის იმპორტის მიმართულება. ორივე მიმართულებით იმუშავა პრინციპმა „ორი ჯიბე“ (ერთი ჯიბიდან ვიხდი და მეორე ჯიბეში ვიდებ). ეს გულისხმობს იმას, რომ კომპანიებმა რომლებსაც აქვთ კარგი ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“ აქვთ გაკეთებული შემოწირულობები ოცნებასა და სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში, მიიღეს ტენდერის გარეშე სახელმწიფო სუბსიდიები, ანუ ხალხის გადასახადებით გადახდილი ფული“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების შემომტან ცხრა კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლიდანაც ორი კომპანიის მესაკუთრე არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი.

„ესენი არიან: შპს „სერვისარგოს ერთ-ერთი მეწილე არის დავით ინაური და შპს „ჯეოსტარის“ ერთ-ერთი მეწილე არის დავით მაზიაშვილი, რომლებსაც ერთად მანამდე „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილისთვის გაკეთებული აქვთ შემოწირულობა 225 000 ლარის ოდენობით. ერთ-ერთ კომპანიას არასოდეს არ აქვს მიღებული ტენდერში მონაწილეობა და მანამდე მიღებული აქვს პირდაპირი გამარტივებული შესყიდვებით ტენდერები საქართველოს სახელმწიფოდან. სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ესენი არიან შპს „ლუანა“ და შპს „კარმენი“. ამ ცხრა კომპანის შორის ერთი კომპანიაა „კარფური“, რომელსაც ოფიციალურად სხვა სახელი ჰქვია და რომლის ხელშეკრულების ოდენობა სახელმწიფომ არ გვითხრა“, – განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება ხორბლის ფასებს და ხორბლის იმპორტს, ანა დოლიძის ინფორმაციით, ამ მიმართულებით სახელმწიფომ ოთხჯერ დადო ხელშეკრულება შპს „ბევრილთან“ 900 000 ლარის საერთო ღირებულებით.

„შპს „ბევრილის“ ერთ-ერთი მეწილე არის „ქართული ოცნების“ დამფინანსებელი ნერუ ჩანქსელიანი, რომელმაც მანამდე „ქართულ ოცნებას“ შეწირა დაახლოებით 33 000 ლარი“, – აღნიშნა დოლიძემ.

მისივე თქმით, კიდევ სამ კომპანიას არასოდეს არ მიუღია რაიმე ტენდერში მონაწილეობა და სახელმწიფო კონტრაქტებს იღებდა მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი გამარტივებული შესყიდვით.

„ეს არის შპს „ცერერა“, შპს „აგროსისტემები“ და შპს „პროგრესი“. მათ საერთო ჯამში გაუფორმდათ ასევე პირდაპირი შესყიდვით მილიონ ორასოცდახუთი ათასი ლარის ხელშეკრულება. საერთო ჯამში გამოჩნდა, რომ კომპანიებს შორის რომლებმაც მიიღეს ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით სუბსიდია, უმეტესობა უკვე იყო „ქართული ოცნების“ შემომწირველი, მათი მეწილეები იყვნენ „ქართული ოცნების“ შემომწირველები. ამავე დროს მათ უმეტესობას აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა ხელისუფლებასთან, რადგან ყოველთვის პირდაპირი შესყიდვა ძალიან საეჭვო ფორმაა და ტოვებს კორუფციული გარიგების საფრთხეს. პირდაპირი ხელშეკრულებით არაერთხელ აქვს მიღებული სახელმწიფო კონტრაქტები.
ჩვენ დავინახეთ მთავარი ფასეულობა, რაც ფასების ზრდის კონტროლის პროგრამას ჰქონდა, მას ჰქონდა ხელისუფლებისთვის ჰქონდა მაშინ, როდესაც ჩვენ მოქალაქეები ვიხდიდით გაზრდილ ფასებს პროდუქტებში. „ქართულმა ოცნებამ“ და მასთან ახლოს მყოფმა ბიზნესებმა ეს ფული ამოიღეს ჩვენი მეორე ჯიბიდან, ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან, თან ისე, რომ პროდუქტიც გაგვიძვირეს. პრემიერ გახარიას სიტყვები, რომ ყველა გაღარიბდა ამ ბოლო პერიოდში, არის მტკნარი ტყუილი.

„ქართული ოცნების“ შემომწირველები „ქართულ ოცნებასთან“ ახლოს მყოფი კომპანიები გამდიდრდნენ მათ ჩვენი ჯიბიდან ამოიღეს ფული და ქართველი ხალხი, რომელსაც გაუძვირდა ზეთიც, ბრინჯიც და წიწიბურაც და სხვა პროდუქტებიც, ეს ხალხი კი გაღარიბდა. სინამდვილეში, ამ შემთხვევაში ამუშავდა კლასიკური კორუფციული სქემა, რაზეც ხელისუფლება აკრიტიკებდა ადრე „ნაციონალურ მოძრაობას“. სახელმწიფო ჯიბიდან ვიღებ და ჩემ პარტიულ ჯიბეში ვიდებ. ამ სქემას წარმატებით ახორციელებს ჩვენი მმართველი პარტიაც“, – განაცხადა დოლიძემ.