აფბა-ს წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე - სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 32 მილიარდ ლარზე ავიდა, დროულად თუ არ მოხდა ამის რეგულირება, ხვალ კიდევ უფრო მწვავე პრობლემა იქნება
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, დღეს ეკონომიკაში მეორე ბიზნესსექტორი სათამაშო ბიზნესი რომ არის, ეს დიდი პრობლემაა.
როგორც გიორგი კაპანაძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, ეკონომიკა თუ არ გაჯანსაღდა და ეკონომიკის სხვა სექტორებში თუ არ მიემართა თანხები, კიდევ უფრო დიდი პრობლემები იქნება.
„სასიხარულოა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი განიხილავს ამ კანონპროექტს და იმედს ვიტოვებ, რომ რეალურად მოხდება კანონპროექტის მიღება. დღეს თუ სპორტის მთავარი დამფინანსებელია სათამაშო ბიზნესი, დღეს თუ მედიის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია სათამაშო ბიზნესი, სწორედ ეს არის დიდი პრობლემა. ის, რომ დღეს ეკონომიკაში მეორე ბიზნესსექტორი არის სათამაშო ბიზნესი, ეს არის პრობლემა და არა ის, რომ სპორტი დაკარგავს რაღაც თანხას და შემდეგ სხვა ბიზნეს სექტორი დააფინანსებს. ეკონომიკა თუ არ გაჯანსაღდა და ეკონომიკის სხვა სექტორებში თუ არ მიემართა ეს თანხები, დიახ, კიდევ უფრო დიდ პრობლემებთან მოვალთ. საუბარი იყო იმაზე, რომ ერთი ხელის მოსმით ხდება ამ პრობლემის გადაწყვეტაო. ერთი ხელის მოსმით არ ხდება. ეს პრობლემა წლებია გროვდება და 32 მილიარდ ლარზე ავიდა სათამაშო ბიზნესის ბრუნვა. უდიდესი შემოსავლები მიიღო ამ ბიზნესმა და დღემდე რომ ასე გრძელდება, სწორედ ეს არის პრობლემა. დროულად თუ არ მოხდა ამ ბიზნესის რეგულირება, ხვალ კიდევ უფრო მწვავე პრობლემა იქნება, ხვალ კიდევ უფრო მეტად წამყვანი გახდება ეს სექტორი და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი მიმართულება დააფინანსოს, საიდანაც თითქოს ისე აღმოჩნდეს, თუ დაკარგავს ის აქტორი თანხებს, უდიდესი პრობლემა შეექმნება. მიმაჩნია, რომ ნამდვილად საჭიროა ამ კანონპროექტის განხილვა“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.