გიორგი კანდელაკი - „გირჩის“ შეხვედრა ხელისუფლებასთან ერთიანი ფორმატიდან გასვლას არ ნიშნავს
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „გირჩის“ წარმომადგენლის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯოდმარესთან, ერთიანი ფორმატიდან გასვლას არ ნიშნავს.
მისივე თქმით, რაც მთავარია, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რეგულარულად შეკრებილი პარტიების ერთობას, რომლებიც პრაქტიკულად სრულიად ოპოზიციურ სპექტრს წარმოადგენენ, არაფერი ემუქრება.
„გირჩის“ შეხვედრა არ ნიშნავს ერთიანი ფორმატიდან გასვლას, მაგრამ, რაც მთავარია, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რეგულარულად შეკრებილი პარტიების ერთობას, რომლებიც წარმოადგენენ კიდეც პრაქტიკულად სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, აბსოლუტურად არაფერი ემუქრება, ძალების კონსოლიდაციის, კოორდინაციის, არჩევნებისთვის მზადების თვალსაზრისით გაგრძელდება მუშაობა ნებისმიერ სისტემაში, რა სისტემაც არ უნდა იყოს და ამას მომავალში საფრთხე არ ემუქრება“ ,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
კითხვაზე, რამდენად მისაღებია ინდივიდუალური შეხვედრები, კანდელაკმა უპასუხა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს დადგენილ მრავალმხრივ ფორმატში, რაც მოლაპარაკების ერთადერთი ფორმატია.
„შეიძლება სადმე კაფეში, ვინმე ვინმეს გადაეყაროს, მაგრამ რასაც ქვია მოლაპარაკება – მოლაპარაკება წარმოებს დადგენილ მრავალმხრივ ფორმატში. ეს არის მოლაპარაკების ერთადერთი ფორმატი.
„ქართული ოცნება“ არის ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ისევე, როგორც საქართველოს საზოგადოების აზრის მხრიდან, რომ წავიდეს კომპრომისზე. ამ წნეხის გამო ისინი შეეცდებიან მაინც, რომ რაიმე იმიტაცია გააკეთონ კონსტრუქციული მიდგომისა, მაგრამ ისევ და ისევ შემიძლია, გავიმეორო, რომ პარტიების იმ ერთობას, და ამაში „ევროპული საქართველო“ ძალიან აქტიურად მონაწილეობს, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მუშაობს, არაფერი ემუქრება“ ,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
პარტია „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, მისი თანაპარტიელი იაგო ხვიჩია 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. საარჩევნო საკითხებზე მმართველი პარტიისა და „გირჩის“ შეხვედრას ასევე ადასტურებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიც. შეხვედრას გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 18 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ცალკეულ პარტიებთან შეხვედრები გამართოს და საარჩევნო სისტემაზე იმსჯელოს.
ამასთან, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია საარჩევნო თემატიკაზე დიალოგის მაგიდასთან კოლექტიურად თუ არ დაჯდება, მათთან საუბარი ცალ-ცალკეც შეიძლება.