გიორგი კალანდია - სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, საქართველოს თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი დაუბრუნდა
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, საქართველოს უნიკალური საგანძური დაუბრუნდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია წერს.
მისი ინფორმაციით, პარიზში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა, ლია და მიხეილ ვოდეებმა საქართველოს ხელოვნების სასახლეს XIX საუკუნის დასასრულს შექმნილი თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი გადასცეს. ხელოვნების ნიმუში პარიზში მცხოვრებ თამარ ბაგრატიონ მუხრანელს ეკუთვნოდა. თამარი მიხეილ ბაგრატიონ მუხრანელის ქალიშვილი და დიდი ქართველი მრეწველის, აკაკი ხოშტარიას შვილიშვილი იყო.
„უნიკალური საგანძურის სამშობლოსთვის გადაცემა მიხეილ და ლია ვოდეებმა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტეს და ამისთვის სამშობლოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ერთი წლის წინ და-ძმა ვოდეებმა საქართველოს გამოჩენილი მხატვრის, სიმონიკა დადიანის უნიკალური კოლექციაც უსახსოვრეს“, – წერს ხელოვნების სასახლის დირექტორი.
მისი თქმით, თამარის პორტრეტი შესრულებულია ზეთის საღებავებით და მარჯვენა ქვედა კუთხეში ავტორის ხელმოწერაც ჩანს, ინიციალების წაკითხვა კი, პორტრეტის სათანადო შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
როგორც გიორგი კალანდია აღნიშნავს, ხელოვნების უნიკალური ნიმუში უახლოეს მომავალში ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში დაიმკვიდრებს ადგილს.