გიორგი კალანდია - არც ერთი სპონსორის ვინაობა არ დამიმალავს, ვერც „ქართუს“ შემთხვევაში ჩავიგუბებ პირში წყალს, სიმართლე სიმართლეა არჩევნებამდე, არჩევნების წინ და მის შემდეგაც
არც ერთი სპონსორისა და დამფინანსებლის ვინაობა არ დამიმალავს, ვერც ამ შემთხვევაში ჩავიგუბებ პირში წყალს, სიმართლე სიმართლეა, არჩევნებამდე, არჩევნების წინ და მის შემდეგაც, – ამის შესახებ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ განაცხადა, რომელიც ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედების თემაზე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა.
როგორც გიორგი კალანდია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ხელოვნების სასახლისა და ფონდ „ქართუს“ ურთიერთობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. მაშინ ფონდმა რამდენიმე ათეული ათასი ლარით მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის შედგენა დააფინანსა. სწორედ ამ პროექტის მიხედვით 2009 წელს დაიწყო თბილისის მერიამ შენობის კონსტრუქციული გამაგრება.
„ჩემი და ფონდის ურთიერთობა 2016 წელს დაიწყო, როცა ბრიტანეთიდან მეფე ერეკლეს შესახებ უცნობი ისტორიული წყაროები ჩამოვიტანე. სენსაციური მასალა უნდა გვეთარგმნა და წიგნად გამოგვეცა. ეს ცნობები სრულად ცვლიდა მეფე ერეკლეს შესახებ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. ვინ არ შევაწუხე, ვის არ ვთხოვე, ვერავინ დავიყოლიე. სპონსორებს ხომ ძირითადად მოკლევადიანი, სწრაფ ეფექტზე და დიდ ხმაურზე გათვლილი პროექტები მოსწონთ. მაშინაც „ქართუ“ ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც გრძელვადიანი სამეცნიერო პროექტი დააფინანსა და მეფე ერეკლეს შესახებ უმაღლესი პოლიგრაფიის წიგნი გამოგვაცემინა“, – წერს გიორგი კალანდია.
მისივე თქმით, აღნიშნული გამოცემა დღეს ვატიკანის, პარიზის, ლონდონის, ფრანკფურტის, ბერლინის, ლაიფციგის, დუბლინის წამყვან ბიბლიოთეკებშია დაცული. ქართველ მეფეზე გამოცემული ამ ორენოვანი წიგნის პრეზენტაცია დუბლინის ლორდ მერის რეზიდენციაში საპატიო სტუმრების თანდასწრებით გაიმართა.
ხელოვნების სასახლის დირექტორის ცნობით, მუზეუმისა და ფონდ „ქართუს“ კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობის შედეგი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და წარმატებული პროექტია, რომლის შედეგად ლონდონის უდიდეს აუქციონზე მეფე თეიმურაზის უნიკალური პორტრეტის შეძენა მოხერხდა.
„უნიკალური კი არა შედევრია, ხელოვნების ბრწყინვალე ძეგლი, რომლის ყიდვასაც ჩვენს პარალელურად ინგლისის პორტრეტების ეროვნული გალერეა ცდილობდა. თუმცა, „ქართუს“ და ჩვენი მუზეუმის ოპერატიულმა და ნაყოფიერმა კოლაბორაციამ დიდი შედეგი გამოიღო და მეფე თეიმურაზის ძვირფასი პორტრეტი სამშობლოშია. დღეს ამ პორტრეტის შესწავლაში, ქართველებთან ერთად, ტრეტიაკოვის გალერეის წამყვანი სპეციალისტები ერთვებიან. იგი საგანგებოდ მოინახულა ვენის ალბერტინას მუზეუმის აღიარებულმა ექსპერტმაც. მოკლედ, ეს საგანძური საუკუნეებს ისე მოილევს, რომ არაერთ თაობას მხოლოდ მადლიერად განაწყობს. დანარჩენი? დანარჩენი ფრიად საპატივცემულო რესპონდენტებმა, მათ შორის გივი შახნაზარმა, დათო ლორთქიფანიძემ, გია გუგუშვილმა და სხვებმა უკვე თქვეს. ასეა, სიმართლე ყოველთვის სიმართლეა, წლის ნებისმიერ დროს და ყველა პოლიტიკურ ვითარებაში“, – აცხადებს გიორგი კალანდია.