გიორგი კახიანი - სატრანსპორტო მოძრაობის შეჩერებას და ქალაქის პარალიზებას სახელმწიფო არ დაუშვებს, იქნება შესაბამისი რეაგირება
ოპოზიციას აქვს უფლება, ნებისმიერი საპროტესტო აქცია გამართოს, თუ ის სხვა კანონდარღვევებს არ გამოიწვევს და საზოგადოებისთვის პრობლემებს არ შექმნის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ დღეს დაგეგმილ აქციაზე კომენტარისას აღნიშნა.
როგორც კახიანმა აღნიშნა, გზის გადაკეტვა არაკანონიერია და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„აქცია, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობის შეჩერებას და ქალაქის პარალიზებას, ბუნებრივია, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს და შესაბამისი რეაგირება იქნება. გზის გადაკეტვა იქნება არაკანონიერი და ამას შესაბამისი რეაგირება ექნება, ანუ, სახელმწიფო ქალაქის მცხოვრებლების ინტერესებს დაიცავს.
თუ ოპოზიციამ იცის, რომ ქმედებები, რომელსაც განახორციელებენ, არის კანონდარღვევა და ამაზე მაინც წავლენ, ეს სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა პროვოკაციას. ეს იქნება პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს დაძაბულობის შემოტანას საზოგადოებაში, რაც ქვეყანას არ სჭირდება, პირიქით – საზოგადოების ინტერესია განვითარება“, – განაცხადა კახიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას ინფორმაციით, პარტიის ორგანიზებით დღეს მოქალაქეები მეტრო „ავლაბართან“ შეიკრიბებიან და მსვლელობით თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზას გადაკეტავენ.