ნიკა მელია - ხვალინდელი უმწვავესი, არაძალადობრივი აქცია, რომლის მსგავსიც ჯერ არ გაგვიმართავს, ემსახურება გაფრთხილებას, რომ რეჟიმი მოეგოს გონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო ფორმები გამწვავდება
ნიკა მელია - ხვალინდელი უმწვავესი, არაძალადობრივი აქცია, რომლის მსგავსიც ჯერ არ გაგვიმართავს, ემსახურება გაფრთხილებას, რომ რეჟიმი მოეგოს გონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო ფორმები გამწვავდება

ძვირფასო ხელისუფლების წარმომადგენლებო, თქვენ გაქვთ დრო, გადაარჩინოთ ადამიანი, რომელსაც კლავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო პროცესი გახდება უწვავესი, მაგრამ იქნება არაძალადობრივი, ისეთი, როგორიც ჯერ არ გინახავთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ხვალ, 15 ნოემბერს, 14:00 საათზე ვიკრიბებით მეტრო „ავლაბართან“, რის შემდეგაც გაიმართება მსვლელობა და გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე. მე მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავე გახდება. არანაირი საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ არის გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში, რეჟიმს არ გააჩნია, გარდა ერთისა. და რა არის ეს ერთი, გარდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი შურისძიებისა. ეს არის უმწვავესი საპროტესტო, არაძალადობრივი აქცია, რომელსაც ხვალ გავმართავთ, მსგავსი ჯერ არ გაგვიმართავს და ემსახურება გაფრთხილებას, რომ რეჟიმი მოეგოს გონს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო ფორმები გამწვავდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, უშუალოდ საავადმყოფოს შენობასთან აქცია არ გაიმართება. ამასთან, მელიას განცხადებით, შესაბამის უწყებას მიხეილ სააკშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით სპეციალური ჯგუფის შექმნას სთავაზობს.

„ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ მთლიანად ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ არანაირი საპროტესტო აქცია არ გაიმართება უშუალოდ სამოქალაქო საავადმყოფოს გარშემო. ამასთან დაკავშირებით განცხადება გავავრცელეთ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, არანაირი საპროტესტო აქცია არ გაიმართება სამოქალაქო საავადმყოფოსთან. მეტიც, მე ვთავაზობ შესაბამის უწყებას, რომ ჩამოაყალიბოს ჯგუფი, სადაც შევლენ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, სააკაშვილის ადვოკატი, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ერთი წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოების, მაქსიმალურად მაღალი ნდობის წევრი, რათა ყველა დეტალი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გავიაროთ, რომ თავიდან ავირიდოთ ყველა გაუგებრობა და ექსცესი. ძვირფასო ხელისუფლების წარმომადგენლებო, თქვენ გაქვთ დრო, რათა გადაარჩინოთ ადამიანი, რომელსაც კლავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო პროცესი გახდება უწვავესი, მაგრამ იქნება არაძალადობრივი, ისეთი, როგორიც ჯერ არ გინახავთ. არავინ შეეგუება ამ ქვეყანაში, ჩვენს თვალწინ, ჩვენი უმოქმედობით, თქვენი გეგმით გაყურებინოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობას. ხვალ, 15 ნოემბერს ყველას გელოდებით მეტრო „ავლაბართან“, 14:00 საათზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.