გიორგი კახიანი - სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ ვიცით, მექმნება შთაბეჭდილება, რომ რაღაც ზედაპირული მსჯელობებით უფრო მეტ კითხვას აჩენთ
გიორგი კახიანი - სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ ვიცით, მექმნება შთაბეჭდილება, რომ რაღაც ზედაპირული მსჯელობებით უფრო მეტ კითხვას აჩენთ

პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე, დეპუტატები ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავენ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძეს კითხვით მიმართა, მიიჩნევენ თუ არა, რომ მათი გამოძების შედეგად, მკვლელობაში მსჯავრდებულ ორ პირს ბრალი არასწორად წაუყენეს.

ამასთან, მისივე თქმით, აქვს კითხვა, გამოიკვეთა თუ არა ვინმე მესამე პირის მიმართ რაიმე ისეთი მტკიცებულებები, რომელიც იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ეფიქრათ, შესაძლო მესამე პირის ბრალეულობაზე.

„საზოგადოებაში მოლოდინი რომელიც არსებობდა, არის სწორედ ეს – კითხვა რომელიც საგამოძიებო კომისიის წინაშე იყო დასმული და რაზეც საზოგადოებაში მოლოდინი იყო, რომ ამაზე პასუხს მიიღებდა – ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები?

გამოძიებას ჰყავდა ორ მკვლელობაში ეჭვმიტანილი. პირველმა ინსტანციის სასამართლომ განიხილა საქმე. ერთ შემთხვევაში გამამართლებელი გადაწყვეტილება იყო, მეორე შემთხვევაში მკვლელობის მცდელობა. მაგრამ ეს პროცესი რა თქმა უნდა, არ დასრულებულა, მოგეხსენებათ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს დღეს უკვე საქმე, შესაძლოა, უზენაეს სასამართლოშიც გასაჩივრდეს. ანუ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ ვიცით.

თქვენ იცით, რომ პროკურატურა ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. პროკურატურის გამოძიების მიხედვით არსებობს ორი ბრალდებული მკვლელობაში. კითხვა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რადგან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ კითხვაზე საერთოდ აარიდეთ თითქოს პასუხის გაცემას თავი. ბევრ რამეზე ისაუბრეთ და იმის მაგივრად, რომ ეს მთავარი კითხვა რაც არის, იმ კითხვაზე რაღაც პასუხი გაჩენილიყო, პირიქით, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ რაღაც ზედაპირული მსჯელობებით, არგუმენტაციით, პირიქით უფრო მეტ კითხვას აჩენთ.

ამიტომ, მარტივად და ძალიან კონკრეტულად გისვამთ ამ კითხვას, იმ ორი ბრალდებულის მიმართ, თქვენი გამოძიების შედეგად, რაიმე ისეთი გამოიკვეთა ან გამოვლინდა, რომ შესაძლოა თქვენ მიიჩნიოთ, რომ არასწორად იყო ბრალდება წაყენებული. ან გამოიკვეთა ვინმე მესამე პირის მიმართ რაიმე ისეთი მტკიცებულებები, რომელიც იძლეოდა იმის საფუძველს, რომ გვეფიქრა, შესაძლო, მესამე პირიც უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში ბრალდებული“,- აღნიშნა გიორგი კახიანმა.