გიორგი კახიანი - პრაქტიკამ აჩვენა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა მიზანშეწონილია
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა მიზანშეწონილია.
როგორც ჟურნალისტებს კახიანმა განუცხადა, თუ მთავრობა სამინისტროს გაყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს, საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს და თანხმობა მისი მხრიდანაც იქნება.
„სამინისტროს გაყოფას სახელმწიფო ბიუჯეტთან არანაირი კავშირი არ აქვს. არ მგონია, რომ სამინისტროების გაერთიანებამ ბიუჯეტში შეღავათების თვალსაზრისით დიდი ხეირი გვანახა. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ახლა კულტურის სამინისტროს გამოყოფა შეიძლება, უკავშირდებოდეს დამატებით საბიუჯეტო სახსრებს, არარელევანტურია.
სწორი მენეჯმენტი და უფრო მოქნილი მართვა – ეს იყო სამინისტროების გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, თუმცა თუ პრაქტიკამ აჩვენა, რომ დღეს მიზანშეწონილია კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა, ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ”, – განაცხადა კახიანმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ განათლების სამინისტროდან კულტურის ნაწილის გამოყოფის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კულტურის მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად ბექა ოდიშარია განიხილება.