მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ განათლების სამინისტროდან კულტურის ნაწილის გამოყოფის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ განათლების სამინისტროდან კულტურის ნაწილის გამოყოფის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

„აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილებას აუცილებლად შეგატყობინებთ“ ,- აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, მმართველ გუნდში კულტურის მინისტრის კანდიდატურაზე იმსჯელეს და ერთ-ერთ კანდიდატად პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დასახელდა.

ბექა ოდიშარიას გარდა, კულტურის მინისტრის პოსტზე განიხილება განათლების მინისტრის მოადგილის, ბადრი მაისურაძის კანდიდატურაც. ბადრი მაისურაძის კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია გასული წლის ნოემბერში საქართველოს პირველ არხს უმრავლესობის წევრმა, თემურ ჭკუასელმა დაუდასტურა. ბადრი მაისურაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ გასული წლის აგვისტოში დაინიშნა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაძლო გაყოფაზე განცხადება გასულ წელს გაკეთდა. სამინისტროს გაყოფა მმართველი გუნდის წევრებმა, კერძოდ, კულტურისა და სპორტის სფეროს მიმართულების დეპუტატებმა მოითხოვეს.

ამასთან, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მომხრეა, კულტურის სფერო ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდეს. მისი თქმით, სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით გუნდში განხილვები იყო.