დეპუტატ თემურ ჭკუასელის ინფორმაციით, სამინისტროს შესაძლოა, კულტურის მიმართულება გამოეყოს, რომლის მინისტრადაც ბადრი მაისურაძის კანდიდატურა განიხილება
დეპუტატ თემურ ჭკუასელის ინფორმაციით, სამინისტროს შესაძლოა, კულტურის მიმართულება გამოეყოს, რომლის მინისტრადაც ბადრი მაისურაძის კანდიდატურა განიხილება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტოს გამოყოფა იგეგმება და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ბადრი მაისურაძის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თემურ ჭკუასელმა განუცხადა.

ჭკუასელი აცხადებს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა იყოს და მისი შეერთების მომხრე არასოდეს ყოფილა.

„სავარაუდოდ, კულტურის მინისტრი ბადრი მაისურაძე იქნება. მისი კანდიდატურა განიხილება. მოადგილედ იმიტომ დანიშნეს, რომ თუ სამინისტროს კულტურა გამოეყოფა, ეს ადამიანი დაინიშნება. ბადრი მაისურაძე ძალიან დადებითი ადამიანია, ოპერაში სიტუაცია უზომოდ არეულ-დარეული იყო, დაალაგა და ყველას სიმპათია დაიმსახურა. საოპერო ცხოვრება გამოაცოცხლა, შესაძლებლობებს ფლობს, მთელი მსოფლიო პატივს სცემს. ამას ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს. მის კანდიდატურას მივესალმები“, – განაცხადა ჭკუასელმა.

მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. რაც შეეხება ბადრი მაისურაძეს, ის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა.