გიორგი კახიანი - ოპოზიციის მიდგომა რიგ საკითხებთან მიმართებაში არასერიოზულია, ერთ დღეს რიგგარეშე სხდომა მოიწვიეს, მეორე დღეს აღმოაჩინეს, რომ შესაბამისი კვორუმი არ აქვთ
ოპოზიციის მიდგომა მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში არის არასერიოზული და ამის გამოძახილი იყო ის, რომ საკუთარი თავი კომიკურ ვითარებაში ჩაიგდეს; ერთ დღეს რიგგარეშე სხდომა მოიწვიეს და მეორე დღეს აღმოაჩინეს, რომ შესაბამისი კვორუმი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განუცხადა.
„მთლიანობაში, ეს ყველაფერი მათ სახეს წარმოადგენს. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისათვის, რომ სასამართლოს დისკრედიტაცია მოახდინო, ეს კატეგორიულად მიუღებელია. კონკრეტული მტკიცებულებები უნდა წარადგინონ, თუ კომისიის შექმნა უნდათ. კორუფციულ საქმეებთან მიმართებაში ასეთი არ მოგვისმენია“, – განაცხადა კახიანმა.
ოპოზიციამ პრეზიდენტს გუშინ, 10 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა.
მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო პოლონეთიდან, რომელზეც მასთან ერთად არიან ანა წითლიძე, გიული ალასანია, გიორგი ჩალაძე და ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან ანა ფოტიგა.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა კვლავ ბრიფინგი გამართეს და პრეზიდენტს მიმართეს, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დანიშნოს.